ადამიანთა ცხოვრების გაუსაძლისი რეალობა გეგა გაგნიძის „ბალიშის კაცუნა“


მაკა ვასაძე
ადამიანთა ცხოვრების გაუსაძლისი რეალობა
გეგა გაგნიძის „ბალიშის კაცუნა“


შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტის გეგა გაგნიძის საკურსო სპექტაკლი „ბალიშის კაცუნა“, საქართველოს სათეატრო სივრცეში, ბოლო წლებში შექმნილ სპექტაკლებს შორის, ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია. მარტინ მაკდონას პიესის მიხედვით ქართულ თეატრში უკვე ორი, განსხვავებული კონცეფციის, სარეჟისორო მხატვრული ხერხის, თამაშის სტილის, სცენოგრაფიის სპექტაკლი შეიქმნა. ორივე რეჟისორის, დავით დოიაშვილის და გეგა გაგნიძის, ნამუშევარი წარმატებულია.

მესამე კურსელმა რეჟისორმა, პიესის განსახორციელებლად და საკუთარი კონცეფციის გადმოსაცემად, საინტერესო გარემო შეარჩია, თეატრალურის პირველი კორპუსის სარდაფი. სწორედ აქ, ამ ბუნკერის, სულისშემხუთველ, ჩაკეტილ სივრცეში ორი საათის განმავლობაში თამაშდება მაკდონას პიესაში გადმოცემული ამბავი. დრამატურგი მარტინ მაკდონას პიესაში, მიუხედავად ურთულესი, უმძიმესი ამბის გადმოცემისა, ე. წ. „შავ იუმორიც“ არსებობს. ტოტალურ, დიქტატორულ სახელმწიფოში შემოქმედისა და სისტემის დაპირისპირება, ადამიანთა შორის „ავადმყოფური“, არასწორი ურთიერთობები, სულიერად დასახიჩრებულ ადამიანთა ყოფა-ცხოვრება, მშობლებისგან თუ სხვა უფროსებისგან ბავშვობაში მიღებული ტრამვები, ძალადობა რომელიც მსხვერპლს თავად აქცევს მოძალადედ. სპექტაკლი, ისევე როგორც პიესა, სამმოქმედებიანია. რეჟისორი მხოლოდ მცირედი კუპიურებით შემოიფარგლა, მხოლოდ ერთი თუ ორი სცენა, დედის და მამის პერსონაჟები ამოიღო დადგმიდან. რეჟისორი თითქმის უცვლელად მიჰყვება პიესაში განვითარებულ  მოვლენებს და ქმედითად გადმოსცემს.

სპექტაკლში უამრავი მესიჯია, რომლებიც პირდაპირ ეხმიანება საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. გეგა გაგნიძე რეალურად მოგვითხრობს უმძიმეს ისტორიებს და თან მუდმივად გვახსენებს, რომ ეს თეატრია და აქედან გამომდინარე - პირობითია. მოქმედება სარდაფის ორ სივრცეში თამაშდება. პირველი მოქმედების დასრულებისას რეჟისორი მაყურებელს თხოვნით მიმართავას, რომ კიბეებით მეორე სართულზე აბრძანდნენ, სადაც მეორე მოქმედება გათამაშდება, მესამე მოქმედება კვლავ პირველ სართულზე მიმდინარეობს. სპექტაკლის სცენოგრაფია ძალიან სადაა, აქ არაფერია ზედმეტი, პირველ სართულზე მხოლოდ ერთი მანქანა დგას და ერთი სკამი, სწორედ მანქანის ფარების შუქით ანათებს რეჟისორი პირველ მოქმედებას. მეორე სართულზე კიბეებით ადიხარ, აქ ორი სკამია და მეტი არაფერი, მხოლოდ სარდაფის ცარიელი კედლები. აქვე აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში მუსიკა არ არის გამოყენებული, არც ერთი მუსიკალური ნოტი არ ჟღერს. დადგმის ატმოსფეროს რეჟისორი მხოლოდ სცენოგრაფიით და სხვადასხვა სახის ხმაურით ქმნის. ძალიან ძნელია დადგმის ატმოსფეროს შექმნა მუსიკის გარეშე. ახალგაზრდა რეჟისორი, სულისშემხუთველ, გამოუვალ, შემაძრწუნებელ გარემოს სწორედაც, რომ მუსიკის გარეშე გადმოსცემს და გიქმნის მძიმე ემოციურ მდგომარეობას.


 პირველი მოქმედება ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეში თამაშდება. მანქანის სალონში სინათლე ინთება და იქ ორი გამომძიებელი - ტუპოლსკი და არიელი, სიჩუმეში რაღაც საბუთებს ეცნობიან, ბევრი ფურცელია, რომლებსაც კითხულობენ. ნელ-ნელა იწყება დიალოგი, მერე მანქანის საბარგულიდან გადმოათრევენ კაცს, რომელიც ძმასთან ერთად ბავშვების მკვლელობებში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მწერალი კატურიენ კატურიენი აღმოჩნდება. ნელ-ნელა მაყურებელი ერთვება დეტექტივის პრინციპებზე მოთხრობილ ამბავში. მოძალადე მშობლები, რომლებიც ერთ ძმას მსხვერპლად სწირავენ მეორე ძმას, რათა იგი კარგი მწერალი დადგეს; ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ბავშობაში გადატანილი ტრამვის გამო, თავის მოთხრობებში საშინელ, ძალადობრივ, ძირითადად ბავშვების მკვლელობების ისტორიებს წერს; მშობლების ძალადობის მსხვერპლი, გონებრივად დაქვეითებული ძმა; ბავშვობაში პედოფილი მამის მიერ დამცირებული გამომძიებელი არიელი;  შვილმკვდარი მამა - ტუპოლსკი. პიესასა და სპექტაკლში არსებული ყველა პერსონაჟი, ფსიქიკური ტრამვების გამო არასრულყოფილი პიროვნებები, უფრო მეტიც - მოძალადეები არიან. რეჟისორის კონცეფციით, ასეთებად ეს ადამიანები ტოტალიტარულ-დიქტატორულმა სისტემამ შექმნა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. ტოტალიტარიზმი და დიქტატურა სარდაფის მსგავს გამოკეტილ სივრცეში „ამწყვდევს“ ადამიანებს და ისინიც სასტიკ, დაუნდობელ მხეცებად გარდაიქმნებიან.

როგორც აღვნიშნე, მეორე მოქმედება სარდაფის ზედა სართულზე თამაშდება. აქ, სადაც ორი ძმის საშინელი ცხოვრების მოწმე ხდები, რეჟისორმა მაყურებელიც გაანათა. მაყურებელი არა მარტო მსახიობ-პერსონაჟებს ადევნებს თვალს, არამედ ერთმანეთის რეაქციასაც აფასებს. ჩვენ ყველა დამნაშავეები ვართ იმაში, რაც სპექტაკლში ხდება, ჩვენ ვიტანთ მოძალადეებს, ვიტანთ ტოტალიტარიზმს, ვიტანთ დიქტატურას. ჩვენ ყველა პასიური დამნაშავეები ვართ.

სპექტაკლში გასაოცარი მხატვრული სახეებია შექმნილი, რომელთაც მსახიობები მაღალ საშემსრულებლო, პროფესიონალურ რანგში ხატავენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც თეატრალურის სტუდენტები არიან. სანდრო სამხარაძის - კატურიენი, ბიჭკა ჭეიშვილის - მიჩელი, გიორგი წერეთლის - ტუპოლსკი, დაჩი ბაბუნაშვილის - არიელი  და ორ ეპიზოდში ნინო ანანიაშვილი - გოგონა ცოცხალ, გულწრფელ, უშუალო პერსონაჟებს ქმნიან. მსახიობები ძუნწი, უშუალო, სადა, დახვეწილი ხერხებით გარდაისახებიან პერსონაჟებად და იმავდროულად, გარკვეულწილად, სევდანარევი იუმორით აფასებენ თავიანთ გმირებს. მსახიობთა კოსტიუმები თანამედროვეა და ზუსტად ასახავს მოქმედ პირთა ხასიათებს. გამომძიებლებს შარვალ-კოსტიუმი აცვიათ, ძმებს ჯინსები და ჯემპრები. მათ თამაშში ფსიქოლოგიური და პირობითი თეატრის ხერხები ოსტატურად არის შერწყმული. სპექტაკლის ყურებისას ხვდები, რომ რეჟისორმა მსახიობებს, თითოეული პერსონაჟის გამოსაძერწად, ზუსტი ამოცანა დაუსახა.  იგრძნობა, რომ რეჟისორმა ბევრი იმუშავა მსახიობებთან და სწორედ ამის შედეგია სპექტაკლის მაღალმხატვრული ხარისხი. იმისდამიუხედავად, რომ რეჟისორიც და მსახიობებიც სტუდენტები არიან, დაამტკიცეს რომ ფართოდიაპაზონის შემომქმედები არიან.


გიორგი წერეთლის - ტუპოლსკი საშუალო ასაკის, ცხოვრებასშეგუებულ, სახელმწიფო აპარატის ჭკვიან, გულცივ, შავი იუმორის მქონე ჩინოვნიკის ტიპაჟს ქმნის, უსამართლო სისტემისა თუ ცხოვრების ერთ-ერთ მსხვერპლს. პედოფილი მამის ძალადობის მსხვერპლი - არიელი, თავად იქცევა მოძალადე გამომძიებლად. დაჩი ბაბუნაშვილი ნერვიული, ემოციური ადამიანის სახეს ძერწავს. ბავშობაში გადატანილი ტრამვის გამო, ვერ იტანს ბავშვებზე მოძალადეებს და ერთი სული აქვს დასაჯოს, აწამოს ისინი. ოცნებობს, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ძალიან ბევრი მადლიერი ბავშვი მას საჩუქრად კანფეტბს მიუტანს. მსახიობები შინაგანად გაორებულ პერსონაჟებს ძერწავენ. მათ თითქოს საკუთარ თავთან აქვთ უთანხმოება. ერთი მხრივ, ბედთან შეგუებულები, მეორე მხრივ კი საკუთარ თავთან მებრძოლები არიან.  საბოლოოდ, კი სისტემის მორჩილ მოძალადეებად რჩებიან. ისინი აწამებენ ადამიანებს და ხელისაუკანკალებად თავში ესვრიან ტყვიას.

განსაკუთრებით გამოვყოფ ძმების - მწერალი კატურიენისა და გონებაშეზღუდული მიჩელის - შემსრულებელ მსახიობებს. პროფესიულად დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობა გამოსჭვივის ამ მსახიობების მონოლოგებსა თუ დიალოგებში, განსაკუთრებით მეორე მოქმედებაში, როდესაც ორი ძმა ერთმანეთის პირისპირ რჩება. მსახიობათა თამაშში იგრძნობა პერსონაჟთა ხასიათების განვითარება, მათი მრავალწახნაგოვნება, გმირთა სულსა თუ აზროვნებაში ღრმად ჩამალული მოვლენების ზუსტი თანმიმდევრობა. გარეგნულად დახვეწილი, შინაგანად გაორებული მწერალი კატურიენი, ძალადობის მსხვერპლ, გონებით ჩამორჩენილ ძმა - მიჩელისადმი სიყვარულით და თანაგრძნობითაა აღსავსე. იგი დამნაშავედაც გრძნობს ძმის წინაშე თავს, ვინაიდან მშობლებმა სწორედ მის მწერლად დადგმას შესწირეს მსხვერპლად მიჩელი. ძმაზე ზრუნვა მისი ცხოვრების ტვირთია. იგი ამ მძიმე ტვირთს მთელი ცხოვრებაა მოათრევს.

 სწორედ თანაგრძნობის გამო, წამება რომ ააცილოს თავიდან, კატურიენი მძინარე მიჩელს ბალიშით მოახრჩობს. ისევე, როგორც მოკლა მშობლები. ოღონდ მშობლებს ზიზღით კლავს, ძმას კი სიყვარულით. რა თქმა უნდა, მშობლების არაადეკვატურმა ქცევამ, მის ფსიქიკაზეც იმოქმედა და დაღი დაასვა. სამუშაო ადგილად ცხოველთა სასაკლაოს ირჩევს. მისი სამუშაო ცხოველების გამოშიგვნაა. რა თქმა უნდა, ასეთი სამუშაოს არჩევა, გარკვეულწილად დამახინჯებული ფსიქიკის ადამიანის არჩევანია. ძალიან რთული ამოცანა დაუსახა რეჟისორმა ბიჭკა ჭეიშვილს, ძნელია ითამაშო გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანი და არ გადაამეტო. 

ერთადერთი ადამიანი, ვინც მიჩელს უყვარს - კატურიენია, მაგრამ იმავდროულად არ პატიობს მსხვერპლად ქცევას. მიჩელი ძმის მოთხრობებს აცოცხლებს და კლავს ორ ბავშს, ზუსტად ისე როგორც მოთხრობაშია აღწერილი. მესამე მუნჯ გოგონას კი, პიროვნული განსხვავებულობის ხაზგასასმელად მწვანედ გადაღებავს, როგორც კატურიენის მოთხრობაში „მწვანე გოჭია“. მსახიობის თამაშში ერთი ზედმეტი მოძრაობა არ არის,  დამაჯერებლობით გადმოსცემს თავისი ტიპაჟის შინაგან მუხტს. იგი თან მიამიტი და თანაც შურისმაძიებელია. მსახიობთა ოსტატობა, პროფესიონალიზმი, პერსონაჟთა ხასიათების ღრმა გააზრება იკვეთება მოძრაობაში, პლასტიკაში, ჟესტებში, მიმიკაში, თითოეულ დეტალსა თუ წარმოთქმულ სიტყვაში.
ნინო ანანიაშვილი ორ უსიტყვო ეპიზოდურ როლს განასახიერებს. გოგონა „პატარა ქრისტედან“ და მიჩელის მიერ მწვანედშეღებილ მუნჯ გოგონას. მსახიობი ძუნწი პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მიმიკითა და შინაგანი ემოციური მუხტით ქმნის  ტიპაჟებს.

მესამე მოქმედებაც ძლიერი ემოციური მუხტის მატარებელია. კატურიენი აცნობიერებს, რომ იგი დამნაშავეა მიჩელის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობის გამო. მიჩელმა ხომ მისი მოთხრობები გააცოცხლა, რომლებსაც კატურიენი ძილის წინ უკითხავდა გონებაჩამორჩენილ ძმას. კატურიენი თავის თავზე იღებს მკვლელობების ორგანიზებას, მაგრამ ჭკვიანი გამომძიებელი არიელი, მწვანედ შეღებილი გოგონას ცოცხლად აღმოჩენის შემდეგ, ნელ-ნელა ხვდება რომ კატურიენმა დაიბრალა ეს მკვლელობები. ამისდამიუხედავად, ტუპოლსკის განაჩენი სისრულეში მოყავს, ვინაიდან სისტემა გონებაჩლუნგებს ყოველდღიურად სჯის სიკვდილით, სულ სხვაა როდესაც მწერალს უნდა გაუხვრიტო თავი. სწორედ აქ იკვეთება ნათლად, სისტემისა და პიროვნების დაპირისპირება.

შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მარტინ მაკდონას გასცენიურებული „ბალიშის კაცუნა“ მოვლენების ქმედით განვითარებაში ბოლომდე გითრევს და შენც, მაყურებელი, ამ გაუსაძლისი, გამოუვალი ცხოვრების მოწმე-მონაწილე ხდები. სპექტაკლიდან ორმაგი გრძნობით აღვსილი გამოვედი: გადმოცემული ამბით ძალიან დათრგუნული და იმავდროულად, ძალიან გახარებული, ვინაიდან ნათლად დავინახე რომ ქართულ თეატრს, ძალიან კარგი, განსხვავებული ხელწერის მქონე შემოქმედები შეემატნენ.

ფოტოები: ხატია ხალვაში, ელენე კავთელაძე

Comments