პისუარებში ჩარეცხილი ჰეკაბეს ცხოვრება

მაკა ვასაძე

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მაყურებელთა დარბაზში შესვლისას ნახევრად განათებულ სცენაზე თეთრ ფერში გადაწყვეტილი პისუარებით გაძეძგილი საპირფარეშო გხვდება. მიშა ჩარკვიანის ჩანაფიქრით (სცენოგრაფია თავად რეჟისორს ეკუთვნის) ევრიპიდეს ტრაგედია „ჰეკაბე“ სწორედ ამ მამაკაცთა საპირფარეშოში გათამაშდება. ომის დამწყებნი - ჰეკაბეს ტრაგედიის, განადგურების მოთავენი - მამაკაცები არიან. ევრიპიდეს „ჰეკაბე“, როგორც მახსოვს, პირველად იდგმება საქართველოში. რეჟისორმა ანტიკური ტრაგედია თანამედროვე ხერხებით გადაწყვიტა და მაყურებელს სულის ამაფორიაქებელი, ემოციურად დამუხტული, მრავალი ფიქრის აღმძვრელი ტრაგიკული ამბავი-სპექტაკლი შესთავაზა. ერეკლე გეწაძის მუსიკალური რიგი, დაბალ რეგისტრებში, მთელ სპექტაკლს  უწყვეტად გასდევს და კიდევ უფრო ამძაფრებს  ემოციურ ზეგავლენას, განწყობას, ადამიანთა ყოფის ტრაგიკული ამბის გადმოცემას.
მიშა ჩარკვიანმა ქართულ სათეატრო სივრცეში უკვე დაიმკვიდრა ნიჭიერი რეჟისორის სახელი, მაგრამ ევრიპიდეს „ჰეკაბეთი“ მან დაამტკიცა, რომ ნებისმიერ სასცენო სივრცეში შეუძლია თავისი სათქმელის საინტერესოდ გადმოცემა. „ჰეკაბე“ ახალგაზრდა რეჟისორის დიდ სცენაზე განხორციელებული პირველი სპექტაკლია. აღსანიშნავია აგრეთვე მიშა ჩარკვიანის სკურპულოზური ნამუშევარი მსახიობებთან. ტრაგედიის თამაშისას დიდი რისკი არსებობს გადაჭარბებული ემოციების, პათეთიკის გამოვლენის. „ჰეკაბეში“ რეჟისორის მიერ მსახიობებისთვის მიცემული ამოცანა, თამაშის ხერხი - თავშეკავებული, დახვეწილი, ყოველგვარი გადამეტების გარეშეა. მათი ჟესტიკულაცია, პლასტიკა ძუნწი და დახვეწილი შინაგანი მუხტითაა დატვირთული. მკვეთრი გამომსახველი ხერხებით ძერწავენ მსახიობები თავიანთ პერსონაჟებს. „ჰეკაბეში“ მსახიობთა თამაშში იგრძნობა ემოციური მუხტი, შინაგანი ვნებები, რომლებიც მაყურებელზე გადმოდის. უხეში, ძალადობრივი ქმედებები ერთგვარ მედიტაციებთან და სტატიკურ პლასტიკასთან იკვეთება. 
ძალადობრივი, დანაშაულებრივი ქმედებებითაა აღვსილი მიშა ჩარკვიანის მიერ სცენაზე შექმნილი სამყარო. ბოროტმოქმედება, მსხვერპლთშეწირვა, დანაშაული, სასოწარკვეთა, შურისძიება ამოძრავებთ „ჰეკაბეს“ მოქმედ გმირებსაც. რეჟისორმა ევრიპიდეს ტრაგედიის სცენაზე განხორციელებისას მცირედი ცვლილებები, კუპიურები შეიტანა, შეამცირა პერსონაჟთა რაოდენობა - 15 წევრისაგან შემდგარი ტროელ ქალთა ქორო სამამდე დაიყვანა. თანამედროვე სარეჟისორო ენით შექმნილ სპექტაკლში მიშა ჩარკვიანმა ევრიპიდეს ტრაგედიის სული შეინარჩუნა. ომი ყველას და ყველაფრის გამანადგურებელია, ომს ადამიანებისთვის განადგურება, სიკვდილი, ბოროტება, ღალატი, სასოწარკვეთა, შურისძიება მოაქვს.
ცხოვრება ცვალებადი, სასტიკი და ულმობელია, ერთ დროს აღზევებულს მწარედ დაგანარცხებს და დაგამდაბლებს. ინგა კაკიაშვილის ჰეკაბეც, ერთ დროს ტროას ბედნიერი დედოფალი,  ყოვლის მომსვრელმა ომმა ტყვედ, ბერძენთა მონად აქცია.  ყველაფერი დაკარგა, მოუკლეს ქმარი, ბერძნები მისი ქალიშვილის პოლიქსენას აქილევსისთვის მსხვერპლად შეწირვას ითხოვენ, რათა ქარი კვლავ ამოვარდეს და მათი გემები შინისაკენ გარეკოს. ინგა კაკიაშვილის პლასტიკა უბედურებისაგან გაქვავებული ადამიანის მოძრაობებს მოგაგონებთ. თავსდატეხილმა ტრაგედიამ მასში უდიდესი სასოწარკვეთა გამოიწვია და თითქოს გაახევა. მსახიობის ჟესტიკულაცია, მიხვრა-მოხვრა, პლასტიკა სტატიკურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. უბედურმა ჰეკაბემ, რომელიც ქალიშვილის გადასარჩენად, თავს იმცირებს ოდისევსის წინაშე, მუხლმოყრილი ევედრება შეინდოს პოლიქსენე. ჯერ კიდევ არ იცის, რომ მისი უმცროსი ვაჟიშვილი პოლიდორი მოღალატე, ოქროს დახარბებულმა თრაკიის მეფე პოლიმესტორმა მოკლა და ზღვის ზვირთებში გადაუძახა. ინგა კაკიაშვილის ჰეკაბე გარეგნულად სტატიკურ, შინაგანად კი უდიდესი ემოციების და გრძნობების მატარებელი გმირის სახეს ქმნის. ცხოვრებისაგან გამწარებული ქალი-დედოფალი ფინალში სასტიკ შურისმაძიებლად გარდაიქმნება, იმდენად სასტიკ, რომ განხორციელებული შურისძიებისაგან, ჰეკაბე თავად არის შეძრწუნებული. მან ხომ თრაკიის მეფის ორი მცირეწლოვანი ვაჟიშვილი მოკლა. რეჟისორმა და მსახიობებმა პლასტიკაში გადაწყვეტილი, ემოციურად დამუხტული სცენა შექმნეს. დავით როინიშვილის აგამემნონი ჰეკაბეს სცენის ერთი ბოლოდან მეორეში მოათრევს, მის მიერ ჩადენილ სისასტიკეს თვალი რომ გაუსწოროს. კაკიაშვილის ჰეკაბეს არ სურს მოკლული ბავშვების გვამების ნახვა, ცხედრებზე მიგდებული წამოხტება და გარბის. აგამემნონი კვლავ მოათრევს ჰეკაბეს და კვლავ მცირეწლოვანთა გვამებზე მიაგდებს. რამდენჯერმე მეორდება ეს ქმედება, რომელიც მაყურებელში სხვადასხვა გრძნობასა და ფიქრს აღძრავს. კაკიაშვილი-ჰეკაბე თან გეცოდება, როგორც განადგურებული დედა, თან თითქოს ამართლებ მის შურისძიებას, მაგრამ იმავდროულად შემზარავია მის მიერ ჩადენილი ორი ბავშვის მკვლელობა. ძალადობა სასტიკ შურისძიებას იწვევს, დანაშაული კვლავ დანაშაულს ბადებს. როდესაც ვერ პოვებ სამართალს, შურისძიება ისეთივე სასტიკი და ულმობელია, როგორც შურისძიების გამომწვევი დანაშაული და ბოროტება.
სპექტაკლი ისევე როგორც პიესა პოლიდორის მონოლოგით იწყება. მოღალატე პოლიმესტორის მიერ მოკლული პოლიდორის სული დამარხვას ითხოვს (ძველი ბერძნები სხეულის მიწას მიბარებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ). პოლიდორის მონოლოგში ევრიპიდემ ტრაგედიაში განვითარებული მოვლენები გადმოსცა. ძალიან საინტერესო ფორმა მოუძებნა რეჟისორმა სპექტაკლის დასაწყისს. მაყურებელთა დარბაზში შესვლისას სპექტაკლი ფაქტიურად დაწყებულია: ნახევრად, შუქ-ჩრდილებით განათებულ ავანსცენაზე გაგი შენგელიას პოლიდორი ქმედებაში წარმოსთქვამს თავის მონოლოგს. მონოლოგის წარმოთქმისას მსახიობი უწყვეტ ქმედებაშია, ყოველწამიერად სანათს გაჰკრავს ხოლმე, თითქოს სინათლეს - სამართალს ეძებს. ფინალისკენაც მიშა ჩარკვიანი თითქოს კრავს ამბავს სანათის გაკვრით. პოლიმესტორის მცირეწლოვანი ვაჟიშვილები სწორედ ამ სანათით თამაშობენ მოკვდინებამდე, მანამ სანამ ჰეკუბას შურისძიება განხორციელდება.
ენდი ძიძავა მსახურის სახის შექმნისას ასევე ძუნწ გამომსახველობით საშუალებებს იყენებს, მაგრამ მისი პერსონაჟიც შინაგანი ემოციებითაა დატვირთული. სწორედ მსახური აღმოაჩენს ზღვის პირას მოკლული პოლიდორის ცხედარს და ჰეკაბესთან მოათრევს. საოცრად შთამბეჭდავია ჰეკაბეს მიერ შვილის განბანვის ეპიზოდი - სცენის მარჯვენა კედელზე გაკეთებულ ხელსაბანების მწკრივში ჩააწვენს და იწყებს შვილის სხეულის წყლით განწმენდას.
ულმობელია გიორგი ჩაჩანიძის ოდისევსი, რომელიც ჰეკაბეს მუდარას - დაინდოს მისი ქალიშვილი და მსხვერლპთშეწირვისთვის არ გასწიროს, სიკეთე სიკეთით გადაუხადოს, - მედიდური უკმეხობით პასუხობს. ჰეკაბემაც ხომ დაინდო თავის დროზე ოდისევსი. გმირი ბერძენი უბედური დედის თავგანწირულ თხოვნას არაფრად აგდებს, უფრო მეტიც - ამ სცენაში მიშა ჩარკვიანმა უსულგულობის გამოსახატავად ოდისევს პისუარში მოაშარდვინა.
ნანუკა კუპატაძის პოლიქსენა, ევრიპიდეს პიესის მსგავსად, ამაყ ტროელ ქალიშვილს განასახიერებს, რომელიც მონობის ნაცვლად სიკვდილს ირჩევს. მსახიობი ჭკვიანი, მედიდური, სულითა და ხორცით ლამაზი ახალგაზრდა ქალის სახეს ქმნის.
დავით როინიშვილი ძლიერი, სამართლიანი აგამემნონია. მასშიც მომძლავრებული ემოციური მუხტი იგრძნობა. იგი თანხმდება ჰეკაბეს შური იძიოს მოღალატე და ოქროს დახარბებულ პოლიმესტორზე. ხოლო, როდესაც ჰეკაბეს საზარელი შურისძიების შედეგს იხილავს, მის აღშფოთებას საზღვარი არა აქვს. სწორედ აქ გათამაშდება ჰეკაბეს ორი მცირეწლოვანის გვამზე მიგდების სცენა, რომელსაც ინგა კაკიაშვილი და დავით როინიშვილი სამსახიობო ოსტატობით ასრულებენ. ეს სცენა ორივე მსახიობისგან დიდი ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.
სამსახიობო ოსტატობით გამოირჩევა აგრეთვე სულხან გოგოლაშვილის თამაში პოლიმესტორის როლში. ჰეკაბესა და მსახური ქალების მიერ თვალებდათხრილი პოლიმესტორი როგორც დაჭრილი ვეფხვი, ისე დაძრწის სცენაზე და ბღავის მოკლული შვილების მწუხარებით აღვსილი. თუმცა, ცდილობს აგამემნონის მოტყუებას: პოლიდორი იმის გამო მოკლა, რომ როდესაც გაიზრდებოდა შურისძიება არ განეზრხა და თავისი სამეფოს დაბრუნებაზე არ ეზრუნა. სულხან გოგოლაშვილის პოლიმესტორი სხვადასხვა გრძნობას აღძრავს მაყურებელში: სიბრალულს და შეცოდებას, როგორც შვილმკვდარი მამა, ხოლო როგორც მოღალატე, ბავშვის მკვლელი -სიძულვილს.
თანამედროვე სარეჟისორო ხერხების გამოყენებით გადაწყვიტა მიშა ჩარკვიანმა თვალებდათხრილი პოლიმესტორის და ჩადენილით შეძრწუნებული ჰეკაბეს სცენა. ავანსცენაზე თვალებდათხრილი პოლიმესტორი მოკლულ შვილებსა და ბედის უკუღმართობას დასტირის, ჰეკაბე კუთხეშია შეყუჟული, მისი სახე მსხვილი ხედით ეკრანზე აისახება. ინგა კაკიაშვილის თვალებში ერთდროულად სხვადასხვა ფიქრი და გრძნობა იკითხება: განხორციელებული შურისძიებით კმაყოფილება, მაგრამ უფრო მეტად შეძრწუნება და გამოუვალობის შეგრძნება. ჰეკაბემ აღასრულა შურისძიება, მაგრამ ეს ხომ ვერ შეუცვლის დაღუპულ შვილებს.
მიშა ჩარკვიანის სპექტაკლში ყველაფერი ძალიან კარგია: რეჟისურა, სცენოგრაფია, მსახიობთა ოსტატობა, მუსიკალური გაფორმება, ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალის ძიება. მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს შემოქმედებით ჯგუფთან, სცენიდან მაყურებელთა დარბაზში ძალიან ცუდად მოდის ხმა, მსახიობთა მეტყველება თითქმის არ ისმის, ამ მხრივ სპექტაკლი კიდევ დასახვეწია.
წარმოდგენის დასაწყისში ავანსცენაზე პოლიდორის მონოლოგისას, უკანა ფონზე, ქოროს სამი წარმომადგენელი (ნინი ქარჩავა, ნანა ცხვირაშვილი, ანი ჩოგოვაძე) გამალებული წმენდს საპირფარეშოს კაფელს. რეჟისორის ჩანაფიქრით, ისინი თითქოს სამყაროში არსებული სიბინძურის და ჭუჭყის ჩამორეცხვას ცდილობენ, ფინალშიც იგივე ქმედებას იმეორებენ. მიშა ჩარკვიანის სცენოგრაფია, ისევე როგორც მთელი სპექტაკლი, ჩაკეტილ გარემოში მოქცეულ სამყაროს ქმნის; სამყაროს, სადაც ბოროტმოქმედება, მკვლელობა, სასოწარკვეთა, შურისძიება, შიში და გამოუვალი მდგომარეობა გამეფებულა. რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა დანაშაულსა და დაუსჯელობაზე, მსხვერპლშეწირვასა და სასოწარკვეთაზე შექმნილი ტრაგედია წარმოაჩინეს. ეს თითქოს ჩაკეტილ გარემოში ასახული სამყარო, რომელიც უძველეს ანტიკურ ხანაში არსებობდა,  ჩვენს თანამედროვებაზეა, ჩვენს დროში არსებულ მტკივნეულ და უმძაფრეს პრობლემებზეა. გაუთავებელი ომები, ძალადობა, სისასტიკე - ჩვენი რეალობის თანმდევი პრობლემებია, რომლებიც უსამართლობის, შურისძიების, დაუსჯელობის, იმედის დაკარგვის განცდას იწვევენ. სიყვარული, სიკეთე, თანალმობა, ღირსება ჩვენს დროშიც ისევე ითელება, როგოც უძველეს ანტიკურ ხანაში. სწორედ ამაზეა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი. სად უნდა ვეძებოთ ამ ყველაფრიდან გამოსავალი, სინათლე ხომ სანთებელის გაკვრისთანავე ქვრება... 


Comments