ზღვარგადასულ „ტრადიციულობასა“ და „ლიბერალობას“ შორის ბალანსის ძიებაში

 ლაშა ბუღაძის პიესა - „ლისისტრატე“ - რუსთაველის თეატრში, დავით საყვარელიძემ 2015 წლის მიწურულს დადგა. იმ პერიოდშივე, რამდენიმე სათეატრო კრიტიკოსმა თავიანთი მოსაზრებები გააცნეს თეატრით დაინტერესებულ მაყურებელს=მკითხველს. მაშინ, ბლოგი არ მქონდა, სოციალურ ქსელებში ვერ გავაზიარე ჩემი ფიქრები (სტატია დაიბეჭდა თეატრალური საზოგადოების ჟურნალში - „თეატრი და ცხოვრება“, ამჟამად - „თეატრი“). პიესაში და სპექტაკლში ასახული პრობლემატიკა, მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სამწუხაროდ ისევ აქტუალურია, ამიტომ გადავწყვიტე დღეს ავტვირთო.

ჩვენს საზოგადოებაში სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკურის გარდა, მწვავედ დგას მენტალური პრობლემები. სწორედ მენტალური პრობლემის გამოძახილია რუსთაველის თეატრში დავით საყვარელიძის დადგმული  „ლისისტრატე“. ლაშა ბუღაძის პიესას, ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანეს „ლისისტრატესთან“ საერთო მხოლოდ სახელწოდება აქვს და ალბათ, ისიც, რომ ანტიკური ხანის ბერძენი კომედიოგრაფის და ჩვენი თანამედროვე ავტორის პიესებში, მებრძოლი სულის, გამჭრიახი გონების მქონე ქალის (ზოგადად) პორტრეტებია დახატული.

ჩვ. წ. აღ-მდე 411 წ. დაწერილ კომედიაში, ლისისტრატე (ომის გამანადგურებელი) და მისი თანამოაზრეები, მამაკაცების მიერ დაწყებული პელოპონესის (ათენსა და სპარტას შორის ომი) დაუმთავრებელი ომის დასრულებისთვის ერთიანდებიან და გადაწყვეტენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ამ ძმათამკვლელ, ყოვლად უაზრო ბრძოლას წერტილი დაუსვან. ლისისტრატეს იდეით, ქალებმა კაცებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ და ქმრები იქნებიან ეს, თუ საყვარლები, უარი უთხრან სარეცლის გაყოფაზე. ამ იდეის გარშემო ლისისტრატე მთელი საბერძნეთის ქალებს აერთიანებს. ისინი აკროპოლის კედლებს უკან გამაგრდებიან და სანამ მამაკაცები ზავს არ დადებენ, მანამდე დათქმულ ფიცს არ გადადიან. საბოლოოდ ქალები იმარჯვებენ, ბერძენი მამაკაცები დაზავდებიან და ომსაც წერტილი დაესმება.

ლაშა ბუღაძის პიესაში, ამ ამბიდან 25 წლის შემდეგ, მოქმედება ლისისტრატესა და მისი


თანამებრძოლების მიერ შექმნილ, მათი აზრით იდეალური წყობის, ქალაქ-სახელმწიფოში მიმდინარეობს. მმართველობა ქალების ხელშია, ე. წ. მატრიარქატია დამყარებული, სამაგიეროდ ქვეყანაში მშვიდობა სუფევს, არავინ არავისთან აღარ ომობს. ქალების მიერ შექმნილ ამ იდეალურ სამყაროს, ქალაქი ციხე-სიმაგრის კედლებს მიღმა არსებული, ნაკლებად განვითარებული, არაცივილური, ჯერ კიდევ პატრიარქატის მმართველობის ქვეშ არსებული სახელმწიფოებისგან საშიშროება ემუქრება. ძალადობის ვირუსი, განსაკუთრებით კი ქალებზე ძალადობისა, შეიძლება ამორძალებით კარგად დაცულ ციხე-სიმაგრეში შემოძვრეს და მაშინ ყველაფერი დაიღუპება, მათი ბრძოლა, შრომა წყალში ჩაიყრება და მათ მიერ შექმნილი ცივილური ქალაქი-სახელმწიფოც იმ გაპარტახებულ, დანგრეულ, ჩამორჩენილ ქვეყნად იქცევა, როგორიც ადრე იყო და როგორებიც დღეს, მის გარშემო არსებული სამეზობლო ქვეყნებია.

დრამატურგმა და რეჟისორმა ჩვენი თანამედროვე ყოფა და ჩვენს საზოგადოებაში არსებული მენტალური პრობმლემატიკა განზოგადებულად ასახეს სცენაზე. სპექტაკლი, ძირითად გენდერულ ბალანსსა  და ბოლო პერიოდში, საოცრად მომრავლებულ, ქალებზე ძალადობის მტკივნეულ საკითხებზეა. ასევე, სახელმწიფო მმართველობის ფორმებსა თუ სტრუქტურებსაც ეხება.

ლაშა ბუღაძის პიესა პრობლემატური, თანადროული, იუმორითა და გროტესკით დაწერილი ნაწარმოებია, თუმცა მაინც სქემატური, პლაკატური ხასიათისაა. რეჟისორმა დავით საყვარელიძემ თანამედროვე ტექსტი გადაამონტაჟა, ბევრი რამ ამოაგდო, უფრო კომპაქტური და სასცენო ტექსტისთვის შესაბამისი გახადა. პიესაშიც და სპექტაკლშიც 9 ძირითადი პერსონაჟია: პირველი ქალი, მე-2 ქალი, მე-3 ქალი (მე-4 ქალის დედა), მე-4 ქალი,  პირველი დედა, მე-2 დედა, მე-3 დედა (კინესიასის დედა), კინესიასი და ლისისტრატე (პიესაში არის 6 ქალისგან შემდგარი ქოროც). უკვე პერსონაჟთა ჩამონათვალიდან ჩანს ავტორის გროტესკული პოზიცია თავის ნაწარმოებში გამოსახული ტიპაჟებისადმი. სწორედ ტიპაჟები შექმნა ლაშა ბუღაძემ, ხოლო რეჟისორმა და შემოქმედებითმა დასმა ეს ტიპაჟები გააცოცხლეს სცენაზე და მაყურებლისათვის კარგად ნაცნობი სახეები შექმნეს.

ლაშა ბუღაძის მიერ სპექტაკლის პრესრელიზში მითითებული შენიშვნის მიუხედავად, მოქმედების დრო არისტოფანეს პიესაში მომხდარი ამბებიდან 25 წლის მერე ხდება,  პიესაშიც და სპექტაკლშიც ჩვენი თანამედროვე ყოფა-ცხოვრებაა ასახული. სიტუაციები, მოვლენები, დიალოგები აბსოლუტურად თანამედროვეა და მოგვაგონებს ქართულ (და არა მარტო) სინამდვილეში არსებულ რეალობას. რეჟისორმა და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებმა - ნინო კასრაძემ, ნანა ლორთქიფანიძემ, მანანა აბრამიშვილმა, ქეთი ხიტირმა, რუსკა მაყაშვილმა, მანანა გამცემლიძემ, თამთა ინაშვილმა, ეკა მოლოდინაშვილმა, ია სუხიტაშვილმა, ლაშა ჯუხარაშვილმა -  შექმნეს ტიპაჟები, რომლებშიც მაყურებელი ადვილად ამოიცნობს „ნაცნობ-მეგობრებს“. რა თქმა უნდა, პიესიდან გამომდინარე, სცენაზე წარმოდგენილი ტიპაჟები ირონიზირებულია. რეჟისორი და მსახიობები ირონიითა და იუმორით ქმნიან - ქალებისა თუ დედების და ერთადერთი, ცრუ იდეალების მქონე ახალგაზრდა, გაბურძგნულწვერიანი, მოძალადე მამაკაცის პერსონაჟებს. არა აქვს მნიშვნელობა, პროგრესულად მოაზროვნე, ძლიერ, დამოუკიდებელ ქალთა სახეებია ეს, თუ, მონური ფსიქოლოგიის მქონე ქალებისა. რეჟისორმა ირონია და იუმორი, თანაბრად გადაანაწილა ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის. პაროდიამდე აიყვანა  ზღვარგადასულ ქალთა უფლებების დამცველ, თუ, მონური ფსიქოლოგიის მქონე ქალთა ტიპაჟები, რომლებიც ასე მრავლად არიან ჩვენს გარშემო. ჩვენს რეალობაში არსებული ე. წ. „ინტელექტუალ“ ქალთა და „მმკ“-ს  დედათა აქტივობები  ნამდვილად კომიკურ ელფერს იძენს. ხანდახან კი, ამ ორ „ძალას“ შორის დაპირისპირებას თანსდევს დრამატული შედეგები.

მხატვრმა ირაკლი ავალიანმა სპექტაკლისთვის დახვეწილი, გემოვნებით შესრულებული სცენოგრაფია შექმნა. პიესაში მიმდინარე მოვლენები გალავნით გარშემორტყმულ ქალაქ-სახელმწიფოში ვითარდება. ირაკლი ავალიანმა სცენაზე თანამედროვე ჟალუზი-ფარდებისაგან შექმნილი დიდი წრე შეკრა. ეპიზოდიდან ეპიზოდზე გადასვლისას წრე ბრუნავს და ხან, ლისისტრატეს თანამებრძოლ, პროგრესულად მოაზროვნე, ბრძოლით მოპოვებული თავისუფალი დედის და მისი, სიყვარულის გამო, საზღვარგარეთ „გენიალურ მაგისტრატურაზე“ სწავლის უარისმთქმელი ქალიშვილის, სახლს და ეზოს წარმოადგენს, ხან, „დედების“ სამფლობელოს, ხან კი ქალაქ-სახელმწიფოს გალავნის შემოგარენს. სცენა არ არის გადატვირთული დეკორაციით. სცენოგრაფიაში მხატვარმა, სულ რამდენიმე რეკვიზიტი გამოიყენა: მაგიდა, 3-4 სკამი, სავარძელი. ამ რეკვიზიტს კონკრეტული დანიშნულება აქვს და მსახიობებს, ამა თუ იმ ეპიზოდის გათამაშებისას, ატმოსფეროს შექმნაში ეხმარება. იგივე შეიძლება ითქვას პოლინა რუდჩიკის მიერ შექმნილ კოსტიუმებზე. მან „ქალებს“ მოხდენილი, ფერადი, მოდური კოსტიუმები ჩააცვა, „დედები“ და კინესიასი კი შავებით შემოსა. აღსანიშნავია სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, მოცარტი და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ნაზავი, მაყურებელს შესაბამის განწყობას უქმნის.

სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, განსაკუთრებით ქალები, დამახასიათებელი ჟესტიკულაციით, პლასტიკით, მეტყველბის მანერით ქმნიან თავიანთ ტიპაჟებს. მაგალითად, ნინო კასრაძე, რომლის პერსონაჟსაც თავისუფალი, ემანსიპირებული ქალის სტატუსის მოპოვებისთვის „დიდი ბრძოლების“ გადატანა მოუხდა, აწ გარდაცვლილ ქმართან. ქმარი სვამდა, მისი ფეხმძიმობის დროს საყვარელი გაიჩინა, ორ ოჯახად ცხოვრობდა, მთვრალი მის სიცოცხლეს იარაღით ემუქრებოდა და ცივ შხაპში აყენებდა ხოლმე. ასეთი „ნამდვილი“ მამაკაცის მოსარჯულებლად, ნინო კასრაძის პერსონაჟი ორთაბრძოლის გაკვეთილების შემდეგ, ქმარს ფიზიკურად უსწორდებოდა, ბოლოს კი ქმართან (მამაკაცთან) ბრძოლაში გაიმარჯვებს და ქმარს „ერთგულ ფინიად“ გარდაქმნის. ირონიულობის გასამძაფრებლად, რეჟისორმა და მსახიობმა, ჰაეროვანი, ვარდისფერებში გამოწყობილი, მოსიყვარულე და მზრუნველი დედის ტიპაჟი შექმნეს.
ქალიშვილის ბედით შეშფოთებული ნინო კასრაძის ქალი, როდესაც შვილს შეცდომისგან ასარიდებლად, მაგალითად, თავისი და მამამისის ყოფა-ცხოვრებას უყვება, ამ ჰაეროვანი, მოსიყვარულე ქალის ბაგეებიდან მოთხრობილი, თავიდან მასზე ქმრის, შემდეგ კი მისი ქმარზე ფიზიკური ძალადობის ამბებს, დისონანსი მის გარეგნობას, ქცევასა და მონათხრობაში იმდენად აშკარაა, რომ ძალაუნებურად მაყურებლში სიცილის გრძნობას აღძრავს. რუსკა მაყაშვილის ქალიშვილში დედამისის და მისი მეგობარი თანამებრძოლების, სკოლაში გაბეზრებული ლისისტრატეს და მისი თამნამებრძოლების გმირობის ისტორია, როგორ დაამარცხეს „ქალებმა“ მოძალადე „მამაკაცები“ პროტესტის გრძნობას იწვევს.


 გარდა ამისა, მეგობრებში პირველი შვილის სტატუსის მქონეს: თავისუფლება, კარგი განათლება, ზრუნვა, სათუთი მოპყრობა  გარანტირებული ჰქონდა, ახლა კი შეყვარებულობის გარდა, მას იზიდავს, აინტერესებს კინესიასის „აკრძალვები“, რომლებიც მისთვის რომანტიკულობის ელფერსაც იძენს. 
რუსკა მაყაშვილი პროტესტის გამო, დედასთან გაუცხოებულ, თანამედროვე ახალგაზრდას ტიპაჟს ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალიშვილი თავის თავს მამასთან აიგივებს და დედას პირდაპირ მიახლის კიდეც: მე მამა ვარ, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ შენ ჩემში მამას ხედავო. დრამატურგი და რეჟისორი, „ქალთა“ და „დედათა“ კომიკური ტიპაჟების შექმნისას, მაყურებელს  იმაზეც მიუთითებენ, რომ ყველაფერი ზღვარგადასული მახინჯ ფორმებად ყალიბდება და პაროდიული ხდება.

ნანა ლორთქფინაძე და ქეთი ხიტირი -  ვარცხნილობით, მიმიკით, ჟესტიკულაციით,

ლაპარაკის მანერით ჩვენს რეალობაში არსებულ „თანამედროვე“ ქალთა პროტოტიპებს ქმნიან. ისინი, შეიძლება ითქვას, ლოზუნგებით საუბრობენ. თამთა ინაშვილის, მანანა აბრამიშვილის, მანანა გამცემლიძისა და ეკა მოლოდინაშვილის „დედები“, მაყურებელში „მმკ“-ს აქტიური ქალთა ასოციაციას ბადებენ. ისინი ცრუ ტრადიციების, დამახინჯებული რწმენის, „კერპთთაყვანისმცემელთა“ კომიკურ პერსონაჟებს ქმნიან. ია სუხიტაშვილის ლისისტრატე, უკვე ასაკში შესული, ბრძენი ქალის ტიპაჟს ქმნის, რომელსაც მართალია ეშინია ბრძოლით მოპოვებული „იდეალური“ ქალაქი-სახელმწიფო თავზე არ დაემხოს, მაგრამ ამასთანავე ცდილობს ორი დაპირისპირებული ბანაკი დააშოშმინოს, დააბალანსოს. მისი პერსონაჟი, როგორც პიესაში, ასევე სპექტაკლში ცოტათი პლაკატურია.


„ქალების“ დახასიათებით: „სუროგატ, მარცხის მანქანას, დაბღვერილ ფალიკურ ინფუზორიას“  - ახალგაზრდა მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი თამაშობს. ქალაქ-სახელმწიფოს გალავნის მიღმა არსებული - არაცივილურობის, ჩამორჩენილობის, მარტოხელა დედის, ცრუ ტრადიციებზე გაზრდილი, გალავნის მიღმა მყოფი მოძღვრის მრევლის, დედიკოს წვეროსანი ვაჟკაცის, საშიში „ვირუსის“ განსახიერებაა - კინესიასი. ალბათ, რეჟისორს ცოტა მეტი უნდა ემუშავა მსახიობთან ამ ტიპაჟის სრულყოფილად შექმნისთვის.

ია სუხიტაშვილის ლისისტრატე, როგორც უკვე აღვნიშნე, ცდილობს ორი

დაპირისპირებული ძალის დაბალანსებას და შეყვარებული ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობას, გააფთრებული „ქალებისა“ და „დედებისგან“ მათ დაცვას. ამასთანავე, ქალაქ-სახელმწიფოში „ვირუსის“ შემოჭრისაც ეშინია. ყველა ძალ-ღონეს ხმარობს მოსალოდნელი სოციალურ-პოლიტიკური დაპირისპირებანი ააცილოს ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილს. იგი მათ სიყვარულს დალოცავს, დააქორწინებს კიდეც და დამოძღვრავს, რომ სიყვარული და თავისუფლება არაფერზე გაცვალონ. გადის დრო და დედიკოს აღზრდილი, წვეროსანი ვაჟკაცი ცოლს ფიზიკურად უსწორდება. ლიბერალი „ქალების“ ინტუიციური, წინასწარი შიში მართლდება. მამაკაცები ისევ ქალებზე ძალადობენ. ფინალში იმედგაცრუებული ლისისტრატე გაოგნებული მიმართავს დარბაზს: „ნუთუ შევცდი“?

დავით საყვარელიძის  რეჟისურა გამოირჩევა სისადავით, დახვეწილობით, იგი არ მიმართავს მეტაფორულ ენას. აქ ყველაფერი პირდაპირ არის ნათქვამი. ლაშა ბუღაძის პიესა, მართალია პაროდიულ-პუბლიცისტურია, როცა კითხულობ ძალიან სასაცილოა, მაგრამ სქემატური და  პლაკატური ტექსტია. რეჟისორმა იგი სცენურ ტექსტად აქცია და მსახიობებთან ერთად სცენური სიცოცხლე შესძინა. დავით საყვარელიძის სათქმელი ნათელი და გასაგებია. იგი წინააღმდეგია ყოველგვარი ძალადობის, ზღვარგადასული, ექსტრემალური „ტრადიციულობის“ და „ლიბერალობის“. ნუთუ არ  შეიძლება ადამიანებმა: ქალებმა და კაცებმა ჰარმონიაში იცხოვრონ და მათი მთავარი იდეალი სიყვარული, თანალმობა, მშვიდი თანაცხოვრება იყოს?

მაკა (მარინე) ვასაძე

Comments