მერვე სიცოცხლე ბრილკასთვის

@მაკა ვასაძე


პირველი შეფასება, რაც სპექტაკლის - „მერვე სიცოცხლე ბრილკასთვის“ - ნახვის შემდეგ გამიჩნდა იყო - მონუმენტური სპექტაკლი. მრავალი მოვლენით აღსავსე  ერთი ოჯახის რამდენიმე თაობის რაკურსში მოყოლილი საქართველოს პერიპეტიებით აღსავსე, ბოლო ერთი საუკუნის ტრაგიკული ისტორია. ერთი ოჯახის საგა განშლილი საქართველოს ისტორიაში.


ნინო ხარატიშვილის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ჰამბურგის თეატრმა „თალიამ“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშა.
რომანის ადაპტირებული ვერსიის ავტორები არიან: იულია ლოხტე და ემილია ლინდა ჰაინრიჰი. დამეთანხმებით, რომ 5 საათიანი სპექტაკლის ყურება, ჩვენ დროში თითქმის წარმოუდგენელია. ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც დრო ასე აჩქარებულია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის აღარ იდგმება გრძელი სპექტაკლები. რეჟისორები ცდილობენ, პიესები ისე გადაამონტაჟონ, რომ სპექტაკლი ხანგრძლივობის თვალსაზრისით მინიმუმამდე დაიყვანონ. რეჟისორმა იეტე სტეკელმა თხრობის არაჩვეულებრივი დინამიკურობით, ზუსტად შერჩეული ტემპორიტმით, მოვლენათა რიგის სწორად აგებით, ქმედითი ცოცხალი ეპიზოდებით შექმნილი ერთ მთლიანობაში შეკრული სპექტაკლის მწყობრი სტრუქტურით თითქმის წარმოუდგენელი შეძლო. ამ ხუთი საათის განმავლობაში მთლიანად დაიპყრო და მოიცვა მაყურებლი, რომელსაც ერთი წუთით მოდუნების საშუალებაც კი არ მისცა. სცენოგრაფიასთან (ფლორიან ლიოხე), ვიდეო ინსტალაციებთან (ზაზა რუსაძე) და მუსიკალურ გაფორმებასთან (მარკ ბადური) ერთად სპექტაკლის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით მსახიობებს: ლისა ჰაგმაისტერი, ფრანციშკა ჰარტმანი, მიკრო კრაიბიჰი, მარი ლიოკერი, კარინ ნოიჰაუზერი, ბარბა ნიუსი, სებასტიან რუდოლფი, მაია შონე, ანდრე შიმანსკი. ყოველი მათგანი გასაოცარი სამსახიობო ოსტატობის მქონე პროფესიონალია. მათ მიერ შექმნილ პერსონაჟ-ტიპაჟებს დამახასიათებელი, ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი, მიმიკა, პლასტიკა, აქვთ. ისინი არამარტო საკუთარ სხეულებს ფლობენ, საოცრად პლასტიკურები არიან,  არამედ აქვთ ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები. მათი თამაში დახვეწილ ოსტატობასთან ერთად ემოციური მუხტის მატარებელიცაა.


სხვადასხვა ორნამენტებით ნაქსოვი ფარდაგი ჯაშების ოჯახის და, აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ისტორიასთანაა გადახლართული. წინაპრების ნაქონი კედლის ფარდაგი რეჟისორმა ამ ერთი კონკრეტული ოჯახის და, ზოგადად, ქვეყნის ისტორიის მეტაფორად აქცია. ამბის ქმედითი გადმოცემა ტასიას მიერ ბებიის ნაქონი ფარდაგის რეცხვით იწყება. ჯაშების ოჯახის საგის თხრობას  კი 1900 წ. ტასიას დაბადებით იწყებენ. ტასია თავის შვილიშვილს ეუბნება, ფარდაგი ძაფებით იქსოვება, ძაფები კი ორნამენეტებს ქმნიან, რომელშიც ადამიანთა ისტორიებია ჩაქსოვილიო. ლამაზი, ორნამანტებიანი მოწითალო ფერის ფარდაგი დეკორაციის უმთავრესი ნაწილია, რომელიც რეჟისორმა და მხატვარმა, დაგორგოლავებული სახით სცენის ზევით განათავსეს. მოვლენათა რიგის განვითარებასთან ერთად, ეპიზოდიდან ეპიზოდზე გადასვლისას ფარდაგის ნაწილი სცენის ფიცარნაგს ეფინება, ფინალში კი დაგორგოლავებული ფარდაგის ბოლო ნაწილი ჩამოვარდება და მთლიანად ფარავს სცენას. ფარდაგზევე აისახება ხოლმე სხვადასხვა ეპოქის ამსახველი დოკუმენტური კადრები, რომლებსაც სპექტაკლის პირობით თხრობის სტილისტიკაში, რეალისტური ელემენტები შემოაქვთ.
საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები: რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნა, რევოლუცია, სამწლიანი დამოუკიდებლობა, სტალინისა და ბერიას დიქტატორული რეჟიმი, ბრეჟნევის უძრაობის ეპოქა, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, 9 აპრილი, დამოუკიდებლობა, სამოქალაქო ომი, დღევანდელი დღე... როგორ აისახება ეს ყველაფერი ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობაზე. სიყვარული, ღალატი, მეგობრობა, ძალადობა, თანალმობა ეს ის გრძნობებია, რომლებიც აკავშირებს ამ ოჯახის წევრებს.
რეჟისორმა და დამდგმელმა ჯგუფმა კომიკური ხერხებით განაზავა საკმაოდ მძიმე, დრამატული ამბავი-ისტორია, რითაც მაყურებელს გაუადვილა სპექტაკლის აღქმა.

Comments