„ვეფხვი და ლომი - მუზეუმი, რომელიც დავიწყებას ინახავს“


@მაკა ვასაძე


წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის უცხოურ პროგრამაში,  კარლსრუეს სახელმწიფო თეატრმა, ორი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის დათა თავაძის და დათო გაბუნიას ერთობლივი ნამუშევარი „ვეფხვი და ლომი“ წარმოგვიდგინა.
რეჟისორი დათა თავაძე და მწერალი-დრამატურგი დათო გაბუნია ახალგაზრდა შემოქმედთა თაობის გამორჩეული წარმომადგენლები არიან, რომლებმაც უკვე არა ერთი საინტერესო ნამუშევარი, ერთობლივი სპექტაკლი შექმნეს. მათი სპექტაკლები გამოირჩევა საინტერესო, ინდივიდუალური ხელწერით. ერთობლივი ნამუშევრებით საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაითქვეს სახელი (რაც სხვასთან ერთად ფესტივალის დამსახურებაცაა), მათ ხშირად იწვევენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სპექტაკლების დასადგმელად.

დათა თავაძემ და დათო გაბუნიამ ამჯერად, ჩვენი ქვეყნის ავბედითი 30-40-იანი წლების იტორიის ნაწილი აიღეს და შეთხზეს ამბავი, რომელიც მათთვის დამახასიათებელი სტილისტიკით სცენაზე გააცოცხლეს.
რა მოსდით ადამიანებს დიქტატორული რეჟიმის ქვეყანაში ცხოვრებისას, როგორ ანადგურებს ფიზიკურად, სულიერად და მორალურად ტოტალიტარული რეჟიმი პიროვნებას. 1937 წლიდან მოყოლებული სტალინურ რეპრესიებს ხელოვანთა და ინტელექტუალთა დიდი ნაწილი შეეწირა.  მათი უპირველესი დანაშაული კი მათი თავისუფალი აზროვნება იყო. სტალინურ რეპრესიებს შეწირულ ადამიანთა შესახებ სხვადასხვა დოკუმენტურად თუ ზეპირი გადმოცემით შემონახული უამრავი ისტორიიდან, ახალგაზრდა შემოქმედებმა რამდენიმე მწერლის სასტიკი განადგურების ამბავი აიღეს და განაზოგადეს.

მწერალთა კავშირში პაოლო იაშვილის  ტრაგიკული თვითმკვლელობასთან გადაჯაჭვულია მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას ასევე დრამატული ისტორიები. ქმედება მოთეთრო-მონაცისფრო კედლების ფონზე მიმდინარეობს; სასცენო სივრცე მაყურებელში იმ ავბედითი სარდაფების ასოციაციას იწვევს, რომელშიც აწამებდნენ, ამცირებდნენ, ფეხქვეშ თელავდნენ შემოქმედებს. დეკორაციად მხოლოდ რამდენიმე ხის მაგიდა და სკამია გამოყენებული, რომელთაც სხვადასხვა ეპიზოდსა თუ სცენაში, განსხვავებული ფუნქციური დატვირთვა ენიჭებათ. სპექტაკლის ფინალში კი ყველა მაგიდას აერთიანებენ, ზედ თეთრ სუფრას აფარებენ, რომელთანაც ყოვლად ამორალური ბოლშევიკი ჩინოვნიკისა და ერთ-ერთი დახვრეტილი მწერლის, ახალგაზრდა ქალიშვილის ქორწილი იმართება. თეთრი ფერი, რომელიც სიწმინდესა და სისუფთავესთან ასოცირდება, დამდგმელმა რეჟისორმა ტალახისფერი სიშავით განაზავა და კიდევ უფრო გაამძაფრა ცხოვრებისეული ტრაგიზმის აღქმა.
დათა თავაძის და დათო გაბუნიას პერსონაჟებს მიზანმიმართულად არა აქვთ სახელები. მართალია, ქართველი მაყურებელი ხვდება კონკრეტულად ვისზეა მოთხრობილი, მაგრამ რეჟისორმა და დრამატურგმა ამ ხერხით ამბავი განაზოგადეს.
ერთდროულად რამდენიმე მოქმედების სცენაზე გაშლით რეჟისორი კინოხერხებს იყენებს. მაგალითად, ძალიან შთამბეჭდავია დასაწყისშივე მუნჯი კინოს პრინციპით გაკეთებული ცოლის დაკითხვის, მასზე ძალადობის, ქმრის დახვრეტის, და მკვდრის განბანვის სცენა.

დიქტატორული რეჟიმის ჩინოვნიკები მათ მიერ ჩადენილ სისასტიკეებს დამლაგებლებს „ასუფთავებინებენ“. დამლაგებლებმა ისე უნდა გაწმინდონ ყველაფერი, რომ მეხსიერება წაშალონ. მაგრამ სასტიკი რეჟიმის აღმსრულებლებმა ვერ შეძლეს მეხსიერების წაშლა. ჩვენ ყველას გვახსოვს და არასდროს დაგვავიწყდება...
მწერალთა კავშირში დღემდე ინახება ვეფხვის და ლომის ფიტულები, რომლებიც პაოლო იაშვილის ტრაგიკული აღსასრულის უტყვი მოწმეები იყვნენ. დათა თავაძემ და დათო გაბუნიამ მაყურებლის წინაშე გაითამაშეს ამბავი „მუზეუმიდან, რომელიც დავიწყებას ინახავს“. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიხსენოთ იმ ტრაგიკული პერიოდის ისტორია, რათა კაცობრიობამ გაანალიზოს და იქნებ, აღარასოდეს განმეორდეს ის ტრაგიკული მოვლენები.

Comments