მაკა (მარინე) ვასაძე რეგიონული თეატრების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი

 

Covid 19-ის ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სრულიად შეცვალა ჩვენი სამყარო, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ბრძოლა კაცობრიობის მთავარ ამოცანად იქცა“. ამ სიტყვებით დავიწყე შარშანდელი სტატია „რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის“ შესახებ. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ, პანდემიური ვითარება ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გამძფრდა. აგვისტოს თვიდან ისევ აიკრძლა ფესტივალები, კონცერტები და ა. შ.  მანამდე კი, თეატრებმა გაზაფხულზე მოახერხეს სეზონების გახსნა, შექმნეს ახალი სპექტაკლები და მაყურებლის წინაშე პრემიერებით წარსდგნენ. პანდემიური ვითარების გამძაფრებამდე, 22-31 ივლისს სენაკსა და ფოთში გაიმართა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალზე, სხვადასხვა ლოკაციაზე, 13 სპექტალი ითამაშეს საქართველოს რეგიონების თეატრბმა.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი, დღიდან დაარსებისა, წლიდან წლამდე, ხვეწს, აუმჯობესებს ფესტივალის ფორმატს, რეპერტუარს, ზრუნავს მომავალ თაობაზე, ატარებს მასტერკლასებს, ვორქშოფებს... წინა სამი, რიგით მეოთხე, მეხუთუ და მეექვსე ფესტივალი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ავარიულობის, სარემონტო სამუშაოების გამო, სხვადასხვა ლოკაციაზე იმართებოდა. განვლილ წლებში ფესტივალში მონაწილეობდნენ რეგიონული თეატრები - იტალიიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, ირანიდან უკრაინიდან, ლიეტუადან. მასტერკლასებს და ვორქშოფებს მართავდნენ ამერიკელი, იტალიელი, ფრანგი რეჟისორები, მეტყველების ოსტატები, მსახიობები. 2021 წელს ფესტივალი მხოლოდ ერთ უცხოურ დასს მანსპინძლობდა ლიეტუადან, კერძოდ კი ქალაქ ალიტუსისი საქალაქო თეატრს.

Covid 19-თან დაკავშირებულმა რეგულაციებმა, შეზღუდვებმა, ფინანსურ საკითხებთან ერთად, უამრავი პრობლემა შეუქმნა საფესტივალო გუნდს. ამისდამიუხედავად, დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ, დირექტორმა თენგიზ ხუხიამ და მთელმა საორგანიზაციო ჯგუფმა - ბექა ჯუმუტიამ, შიო აბრახამიამ,  ნანა თუთბერიძემ, ნათია გოგოჭურმა, თეაიმურაზ ქავთარაძემ - მაინც მოახერხეს და ფესტივალი გამართეს. სენაკსა და ფოთში სხვადასხვა ლოკაციაზე თავისი ნამუშევრებით წარსდგნენ: სენაკის, ახალციხის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორის, ფოთის, ოზურგეთის, თეალავის, ჭიათურის სახელმწიფო თეატრები. დამეთანხმებით შეზღუდვების პირობებში ეს არც ისე ცოტაა.  მიწვეული სტუმრის სტატუსით ღია ცის ქვეშ ქალაქ ფოთის პარკში ბავშვებსა და მოზარდებს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა. ასევე სტუმრის სტატუსით, თბილისის მოძრაობის თეატრმა, კახა ბაკურაძის და სანდრო ნიკოლაძის ერთობლივი პერფორმანსი „რეჩიტატივი ქალაქში“ შესთავაზა ფესტივალის მაყურებელს. კახა ბაკურაძე თავის თეთრ ლექსებს, რომლებშიც მწვავედაა დასმული ჩვენი თანამედროვე ყოფის სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემატიკა, სანდრო ნიკოლაძის მიერ შექმნილი ცოცხალი მუსიკის თანხლებით წარმოადგენდა. ეს ინტერაქტიული რეჩიტატივი იუმორითა და გროტესკით გადმოცემული, მასში არსებული საჭირბოროტო თემატიკის მიუხედავად მაყურებელს ბევრ რამეზე დააფიქრებს, მაგრამ არ თრგუნავს.

თავიდანვე ვიტყვი, რომ წლევანდელი რიგით მეშვიდე ფესტივალი, მხატვრულ-შემოქმედებითი თვალსაზრისით, წინა ფესტივალებთან შედარებით მაღალი დონის იყო. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ერთგვარი დათვალიერება-შეფასებაა რეგიონების თეატრების შემოქმედებითი მუშაობის. საორგანიზაციო ჯგუფმა წლების განმავლობაში ფესტივალი დახვეწა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად აქცია საქართველოს სათეატრო სივრცეში, როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე მაყურებლისთვის. წლევანდელ ფესტივალზე რეგიონის თეატრებმა 2020-2021 სეზონში დადგმული სპექტაკლები წარმოადგინეს. ამჯერად, თითქმის ყველა თეატრის სამხვატრო ხელმძღვანელის მიზანი იყო საუკეთესო ნაწარმოების ჩვენება. ფესტივალზე წარმოდგენილი რეგიონების თეატრების სპექტაკლების უმრავლესობა მიწვეული ახალგაზრდა რეჟისორის დადმგმული გახლადათ. ეს ფაქტი, სამხატვრო ხელმძღვანელების მიერ არჩეულ, სწორ სარეპერტუარო პოლიტიკაზე მეტყველებს.

ფესტივალის დაწყება და დახურვა კოპროდუქციებით ერთგვარ ტრადიციად იქცა. წელს ფესტივალი და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო ახლადრესტავრირებულ თეატრი (სარაბილიტაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს“ მეშვეობით განხორციელდა) ერიკ ემანუილ შმიტის პიესის მიხედვით გიორგი თავაძის მიერ დადგმული  სპექტაკლით - „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“ - გაიხსნა. წარმოდგენაში სხვადასხვა თეატრის მსახიობი მონაწილეობდა. მთავარ როლებს თამაშობდნენ ნანა ფაჩუაშვილი და მურმან ჯინორია - წარმოშობით სენაკელი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები, ფოთის თეატრის მსახიობი - ჯანო იზორია, სოხუმის თეატრის მსახიობი - მარიამ კალატოზიშვილი   და სენაკის თეატრის მსახიობი - თამარ აბშილავა. ქართული თეატრის ორ ვირტუოზს რეგიონის თეატრების მსახიობებმა ღირსეული პარტნიორობა გაუწიეს. ეს პიესა გიორგი თავაძეს ჯერ გლდანის და მერე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზეც აქვს განხორციელებული. ამჯერად რეჟისორმა დრამატურგიული ნაწარმოები მონტაჟურად შეკვეცა, თუმცა მთავარი სათქმელი ამით არ დაიკარგა. სიყვარული, მეგობრობა, ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მთავარია ამიერ თუ იმერ ცხოვრებაში. მოკლე დროში შემოქმედებითმა ჯგუფმა მოახერხა, დახვეწილი, ანსამბლური სპექტაკლის შექმნა. ოვაციებიდან გამომდინარე მაყურებელს სპექტაკლი მოეწონა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ტაშით ნანა ფაჩუაშვილი და მურმან ჯინორია დააჯილდოეს. ფესტივალის მეორე დღეს სენაკის თეატრმა კახა გოგიძის დადგმული დარიო ფოს „ქურდის ქურდი“ წარმოადგინა.

მესხეთის თეატრმა რეჟისორ ვანო ხუციშვილის დადგმული ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ ითამაშა ღია სივრცეში, ნოქლაქევის ნანგრევებში. რეჟისორის მიერ ფიზიკური თეატრის ხერხებით გადმოცემულმა ვაჟას უკვდავმა ქმნილებამ, ამ სივრცეში უფრო მეტი მისტიკურობა შეიძინა და რიტუალს მიახლოებული სანახაობა ინეტერაქტიული გახადა. მაყურებელი მიმდინარე ქმედების მონაწილედ აქცია. ვანო ხუციშვილმა ვაჟასეული რითმა მსახიობთა პლასტიკასა და მოძრაობებში ასახა. ლია სულუაშვილმა ბედისწერის მონუმენტ
ური სახე შექმნა, რომელიც ერთდროულად  შემზარავი და მომნუსხველია. მოვლენათა რიგი ამ პერსონაჟის გარშემო ვითარდება. სწორედ ბედისწერა განსაზღვრავს ლექსო ჩემიას, ჯუნა თუმანიშვილის, ნიკოლოზ გოგიძის, ანი ხუბუტიას, მალხაზ მაყულაშვილის, ანდრია ვაჭრიძის პერსონაჟთა  ცხოვრებისეულ არჩევანს.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ქარი ქრის ვერხვებში“, 2020 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიურ კონკურსზე გამარჯვებულად - „სეზონის საუკეთესო ქმნილებად“ - დასახელდა. სწორედ ამ წარმოდგენით წარსდგა ქუთაისის თეატრი ფესტივალზე, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორის ნინო მაღლაკელიძის დადგმულია. ნინო მაღლაკელიძემ სარეჟისორო განათლება სანკტ-პეტერბურგში მიიღო, „ქარი ქრის ვერხვებში“ საქართველოში დადგმული მისი პირველი სპექტაკლია. ახალგაზრდა რეჟისორმა სამი მაღალი რანგის პროფესიონალი დააკავა: დავით როინიშვილი, ზურაბ სვანაძე და სულხან გოგოლაშვილი. შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა კომიკური ელემნტებით განზავებული სევდანარევი დრამა, აბსურდულად მოყოლილი ამბავი ადამიანთა თავისუფლებისკენ სწრაფვაზე. ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანი თავისუფლებისკენ უნდა ილტვოდეს და, არა აქვს მნიშვნელობა: გიჟები, მოხუცები, უასხლკაროები, ომის ვეტერანები არიან ისინი, თუ, არა. შემოქმედებითი ჯგუფისთვის მთავარი ამოცანა: დიქტატურის და ომის ზეგავლენის, სქესთა ურთიერთობის, სიყვარულის, მეგობრობის, ადამიანის მარტოსულობის განცდის და თავისუფლებისკენ სწრაფვის - ტრაგი-კომიკურობამდე აყვანილი, განზოგადებული ამბის გადმოცემაა. ერთი შეხედვით, ეს . . არტისტული სპექტაკლი, სინამდვილეში რეჟისორის კონცეფციისმორჩილია“. მის ნებას ექვემდებარება ყველა და ყველაფერი. ნინო მაღლაკელიძე ამას, გემოვნებით, ნატიფი, დახვეწილი სარეჟისორო ხერხებით აკეთებს.

ძალიან საინტერესო და მაღალპროფესიული დონის სპექტაკლი დადგა ნინო მაღლაკელიძემ ფოთის ვალერიან გუნია სახელობის სახელმწიფო თეატრში. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა, ვინაიდან ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა შემოქმედი პირველი წარმატების შემდეგ „იყინება“, ვერაფერს საინტერესოს ვერ ქმნის. ფესტივალზე ფოთის თეატრმა ივან ვირიაპევის პიესის მიხედვით დადგმული „ზაფხულის ბზიკები ნოემბერშიც კვბენენ“ პრემიერა ითამაშა. ამ შემთხვევაშიც არტისტული სპექტაკლი რეჟისორის კონცეფციას ემორჩილება - სამი ადამიანის აბსურდული ურთიერთობა. გია სურმავა, გენა შონია, ნინო გოშაძე საინტერესო პერსონაჟებს ქმნიან. თითოოეულ მათგანი ცდილობს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, თითოეულ მათგანს ჰგონია, რომ მხოლოდ ის არის მართალი. ისინი კამათობენ და ეს კამათი კომიკურ აბსურდამდე მიდის. მათ არ ესმით, რომ ურთიერთობებისას ადამიანებმა უნდა მიიღონ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც არიან.

გორის გიორგი ერისთაველის სახლობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ფესტივალზე სამხატვრო ხელმძღვანელის დავით ჩხარტიშვილის პანდემიის პერიოდში დადგმული „ვაჟიშვილი“ წარმოადგინა. ფლორიან ზელერის პიესის საინტერესო ინტერპრეტაციაში თაობათა ურთიეერთობების პრობლემებია წამოწეული. რატომ არ ესმით ერთმანეთის მშობლებასა და შვილებს, რა შეცდომას უშვებენ მშობლები შვილებთან ურთიერთობაში, რატომ ეწირება ამ გაუგებრობას ვაჟიშვილი. შერეული ხერხით დადგმულ სპექტაკლში, სადაც გადაჯაჭვულია პირობითობა განცდასთან, მსახიობები: ანა მატუაშვილი, ქეთი ლუარსაბიშვილი, გიორგი გოგუაძე და დაჩი ბაბუნაშვილი ოჯახურ ტრაგედიის ამბავს ქმედითად გადმოსცემენ. 

სამსახიობო ოსტატობის მატერკლასი შეიძლება ვუწოდოთ ვანო იანტბელიძისა და პაატა გულიაშვილის დუეტს თეალავის ვაჟა-ფშაველას პროფესიულ სახელმწიფო თეატრის სპექტაკლში „როცა ძალიან მოგენატრები“. პიესა ირაკლი სამსონაძემ სწორედ ამ მსახიობებისთვის დაწერა, დადგმა ავთო ვარსიმაშვილმა განახორციელა. სოციალურ პრობლემებს ოჯახი განადგურებამდე მიყავს: დაკარგეს ბინა, ვაჟიშვილი განარკომანდა, ძალადობს ცოლზე. მამა ყველანაირად ცდილობს შვილის გადარჩენას. მამა-შვილის ტრაგიკულობამდე მისული ამბავი კეთილად სრულდება. სპექტაკლში ქმედითად ამბის გადმოცემისას დრამატული კოლიზიები და იუმორი ერთმანეთს ენაცვლება. ვანო იანტბელიძე და პაატა გულიაშვილი გულწრფელად, შინაგანი განცდით, სამსახიობო ოსტატობით წარმოადგენენ მამა-შვილის დრამატულ ურთიერთობებს და იპყრობენ  მაყურებელთა გრძნობებს, განცდებსა თუ ფიქრებს.

ზევით აღვნიშნე, რომ ფესტივალზე ერთი უცხოური დასი მონაწილეობდა. ქალაქ ალიტუსის საქალაქო თეატრმა ლიეტუადან ალვიდას სლეპიკას პიესა „მარი“ წარმოადგინა. რეჟისორმა სტას ჟირკოვმა ვერბატიმის ხერხით დადგმულ სპექტაკლში გერმანელი ბავშვების ე. წ. „მგლის ლეკვების“ ტრაგიკული ისტორია გადმოსცა. მსახიობები მაღალმხატვრული ოსტატობით გადმოსცემდნენ გერმანელი ბავშვების ამბავს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ძალით დააშორეს მშობლებს და ისინი ლუკმა-პურის საშოვნელად დაძრწოდნენ. შიმშიმალმა ზოგი ლიეტუაში, ზოგი ლატვიაში, ზოგი ბელორუსიაში და ზოგიც უკრაინაში გადახვეწა. ამ ბავშვებისათვის ეროვნების დამალვა გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო.

 ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ფესტივალზე მანანა დოიაშვილის პიესის მიხედვით, მიწვეული რეჟისორის ვანო ხუციშვილის მიერ დადგმული „სამს პლუს სამი“ ითამაშა. რა არის მიზეზი უახლოეს ადამიანთა შორის გაბატონებული გაუცხოების, უსიყვარულობის? რატომ არის,  რომ დედა შვილს, და დას, ცოლი ქმარს, ქმარი ცოლს სათანადო სიყვარულით კი არ ეპყრობა, არამედ ძალადობს და ატყუებს? სწორედ ეს პრობლემებია დასმული სპექტაკლში და ნაჩვენები თუ რა ტრაგიკული მოვლენები შეიძლება მოჰყვეს ამგვარ ურთიერთობებს. ამ წარმოდგენას ფსიქოლოგიური ტრილერი შეიძლება ვუწ

ოდოთ. ვანო ხუციშვილის მიერ გადმოცემული ამბავი, ყოველგვარი რეჟისორული „ტრიუკების“ გარეშე, ისეთ ტემპო-რიტმში მიმდინარეობს, რომ მაყურებელს ერთი წუთით მოდუნების საშუალებას არ აძლევს. რეჟისორი დახვეწილი, ფსიქოლოგიური თეატრის ხერხებით გადმოსცემს ადამიანთა გაუსაძლის ყოფიერებას. ვფიქრობ, ვანო ხუციშვილის და მთელი შემოქმედებითი კოლექტივის მიერ განხორციელებული მანანა დოიაშვილის პიესით, ქართულ სათეატრო სივრცეს კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი შეემატა.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრმა ფესტივალის მაყურებელს „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ უჩვენა. ავთო ვარსიმაშვილის პიესა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა შეროზიამ დადგა. აქვე აღვნიშნავ, რომ ლაშა შეროზიას სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, შენობის უქონლობის მიუხედავად, ზუგდიდის თეატრმა საინტერესო რეპერტუარი შექმნა. სამწუხაროდ, ეს კონკრეტული სპექტაკლი არც ისე მაღალმხატვრული დონის იყო.


ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ფესტივალზე ე. წ. სკანდალური სპექტაკლით წარსდგა. პრემიერის შემდეგ აზრი ორად გაიყო, ზოგს, მათ შორის კრიტიკოსებს, ძალიან მოეწონა მოლიერისეული პიესის თამამი ინტერპრეტაცია, ზოგსაც არა. ერთი რამ უდაოა, ახალგაზრდა, საინტერესო რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა მოლიერის პიესის „ძალად ავადმყოფის“ ორიგინალური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა და „ავადმყოფობის სიმულაცია“ უწოდა. სპექტაკლში ყველა როლს სამი მსახიობი ასრულებს: გიორგი ჩაჩანიძე, ანდრია ვაჭრიძე და თამუნა ჯაჯანაშვილი. ერთ საათიან წარმოდგენაში მსახიობები ზღვრამდე მისული დატვირთვით მუშაობენ და ოსტატობით გადმოსცემენ რეჟისორის დასმულ ამოცანას.

ფესტივალი ფოთის თეატრის მიხეილ თუმანიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი

თოჯინური სპექტაკლით „ახლა კი ფარდა!“ დაიხურა. სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე დიდი რეჟისორისა და პედაგოგის საიუბილო თარიღი სათანადოდ ვერ აღინიშნა. წარმოდგენა აგებულია ნაწყვეტებზე თუმანიშვილის წიგნიდან. ელენე მაცხონაშვილმა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დიდი რეჟისორის მოგონებები, შეხედულებები სამყაროზე, ადამიანებზე, თეატრზე გააცოცხლა. ტექსტს თუმანიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე, ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი კითხულობს. ფოთის თეატრის მსახიობები: თამუნა ჭუბაბრია, შოთა სანაია, ანი ანდღულაძე, ირაკლი კვერღელიძე, ალიკა ცეკვაშვილი და ნიკა კვარაცხელია მაესტროს მოყოლილ ამბებს ქმედითად გადმოსცემენ თუმანიშვილის მარიონეტთან ერთად.


წელს ვერ ჩატარდა ვერც, ვორქშოფები და ვერც მასტერკლასები, სამაგიეროდ საორგანიზაციო ჯგუფმა თეატრალებსა და თაეტრის მოყვარულებს დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა - შეხვედრა თემურ ჩხეიძესთან, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ფესტივალის დასასრულს ტრადიციულად მრგვალი მაგიდა გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორებმა, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებმა, კრიტიკოსებმა ისაუბრეს Covid 19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე და ზოგადად არსებულ სახელოვნებო, სათეატრო პრობლემებზე. კრიტიკოსებმა ერთხმად აღვნიშნეთ, რომ წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილმა სპექტაკლებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და რომ მხატვრული თვალსაზრისით, გასულ წლებთან შედარებით, მაღალი დონის იყო. სწორმა სარეპერტუარო პოლიტიკამ, ახალგაზრდა რეჟისორების მიწვევამ შედეგი გამოიღო.

უღრმესი მადლობა მინდა  ვუთხრა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს და მთელ საორგანიზაციო ჯგუფს, რომ მიუხედავად სირთულეებისა მათ შეძლეს რეგიონული თეატრების ფესტივალის ჩატარება, რომელიც  რეგიონების თეატრების შემოქმედებითი პროცესის დათვალიერება-შეფასებაა. რეგიონის თეატრებს ეს ფესტივალი ჰაერივით სჭირდებათ.

 

 


Comments