მაკა ვასაძე, უსულგულო სამყაროს წინააღმდეგ ამბოხებული „პატარა“ ადამიანი (კოკო როინიშვილის „შინელი“ მარჯანიშვილის თეატრში)


უსულგულო სამყაროში, სადაც ადამიანური ურთიერთობები, თანაგრძნობა, თანადგომა, მეგობრობა, სიყვარული აღარ არსებობს, სადაც ერთმანეთის დამცირება ნორმადაა ქცეული, სადაც, იმისთვის რომ იარსებოს, ადამიანი რუტინული შრომის მონად და მანქანის ჭანჭიკად ქცეულა. კოკო როინიშვილის პირველი სარეჟისორო ნამუშევარი (იგი ძალიან კარგი, ნიჭიერი მსახიობია), გოგოლის „შინელის“ მისეული ინტერპრეტაციაა. თითქმის ორი საუკუნის წინ დაწერილი გენიალური ნაწარმოების პრობლემატიკა დღესაც აქტუალურია. გოგოლის „შინელი“ მოიცავს გამძღარი, უსულო სამყაროს ყველა ცოდვას, მკითხველს აიძულებს მიმოიხედოს გარშემო და შეამჩნიოს „აკაკი აკაკიევიჩისნაირი“ „პატარა, დაუცველი“ ადამიანები. მოთხრობის მთავარი იდეაა პროტესტი უსულგულო საზოგადოებისადმი, იმ წესებისა და სახელმწიფოებრივი წყობილებისადმი, რომელიც ადამიანს ამცირებს მორალურად და ფიზიკურად.

კოკო როინიშვილმა „შინელის“ გასცენიურებისას, რა თქმა უნდა, შეკვეცა ტექსტი, გააკეთა კუპიურები, შეამცირა პერსონაჟთა რაოდენობა, ზოგიერთი პერსონაჟის არამარტო ხასიათი, არამედ სქესიც შეცვალა, პერსონაჟები უფრო მეტად, ხაზგასმულად გროტესკულები გახადა, ამავე დროს, შეინარჩუნა ნაწარმოების ფანტასმაგორიულობა.



 ბარბარე ასლამაზიშვილის სპექტაკლის სცენოგრაფია უკიდურესად პირობითია და ჰარმონიულად ერწყმის რეჟისორის ჩანაფიქრის გადმოცემას. სპექტაკლი კამერული ხასიათისაა, ამიტომაც რეჟისორმა მაყურებელი, უფრო მეტი ინტიმურობისა და იმპულსური ინტერაქტიულობისათვის, სცენაზე განათავსა. დეკორაციის ფერი შავ-თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი, იგი თითქოს მარკირებას უკეთებს სულიერად გამოფიტულ ადამიანთა სამყაროს. მოგრძო ფორმის რამდენიმე ყუთი „თავის თავში ჩაკეტილ“ ადამიანთა სულიერი სამყაროს ვიზუალური გამოხატულებაა. ეს ვიწრო ყუთები, ხან მათი სახლებია, ხან სამსახურის ოფისები, ხან კუბოები, ხან აკიდებული ტვირთები, ხან მაგიდებია და ა. შ. ამ ყუთებმა ჩემში კუს ბაქანის ასოციაცია აღძრა, რომელშიც გამომწყვდეულები არიან პერსონაჟები და სხვა არავითარი გასაქანი, თუ პერსპექტივა არა აქვთ.

მთელი სპექტაკლი რეალურობისა და ირეალობის ზღვარზე მიმდინარეობს. ბაშმაჩკინის ოცნება სცენის სიღრმეში დაკიდებულ ლითონის დიდ ფირფიტაზე ირეკლება, ნიკა კუჭავას ბაშმაჩკინი და მისი საოცნებო ქალი, ანა გრიგოლიას მარია, ფიცარნაგზე გაწოლილები აკეთებენ მოძრაობებს, რომლებიც ამ ფირფიტა-სარკეში პროექცირდება და უწონადობაში მოლივლივე ფიგურების შთაბეჭდილებას ტოვებს. ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი სცენა ილუზორული სამყაროს გამომსახველია.



კოკო როინიშვილმა თავისი სათქმელის გადმოსაცემად ძალიან კარგი სამსახიობო ანსამბლი შეკრა. რეჟისორმა მსახიობებს პერსონაჟთ ხასიათების განსავითარებლად ზუსტი ამოცანები დაუსახა. ნიკა კუჭავას აკაკი ბაშმაჩკინი, ვთვლი რომ, არა მარტო, მსახიობის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, არამედ ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებული ერთ-ერთი საუკეთესო სახეა. მსახიობმა შინაგანი ემოციური მუხტისა და სხეულებრივი ენის სრული ჰარმონიით შექმნა აკაკი ბაშმაჩკინის პერსონაჟი. 

კოკო როინიშვილმა და ნიკა კუჭავამ ხაზგასმული გროტესკით და, ამავდროულად, უდიდესი სიყვარულით შექმნეს აკაკი ბაშმაჩკინის სახე. საოცარი გრიმი, მიმიკა, ჟესტიკულაცია, პლასტიკა ერთდროულად სხვადასხვა გრძნობას აღძრავს მაყურებელში. პატარა, შეშინებული, საცოდავი, რუტინაში ჩაფლული და, ყველაფერთან ერთად, მეოცნებე აკაკი ბაშმაჩკინი, ხან გეცოდება, ხან ღიმილს მოგგვრის, ხან თანაგრძნობას იწვევს და ხან გაოცებას. გოგოლისეული პერსონაჟის მსგავსად, ნიკა კუჭავას პერსონაჟიც მხოლოდ თავისი სამსახურით - გადაწერით ცხოვრობს, მაგრამ რეჟისორმა და მსახიობმა, კიდევ უფრო მეტად გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ აკაკი ბაშმაჩკინს თავისი საქმე ფანატიკურად უყვარს. მისთვის ასოები რაღაც ზეამაღლებულის, უმშვენიერესის გამოხატულებაა. თანამშრომლებისგან განსხვავებით, ნიკა კუჭავას ბაშმაჩკინს უყვარს ასოები.

რეჟისორმა გოგოლისეული ტექსტის ადაპტირება-გასცენიურებისას მოთხრობაში არსებულ მოვლენათა თანმიმდევრობა შეინარჩუნა: აკაკი ბაშმაჩკინის დაბადება, სახელდება, სამსახური, ახალი შინელის აუცილებლობა, შინელის შეკერვა, ახალი შინელის ე. წ. „დასველება“, ბაშმაჩკინისთვის შინელის წართმევა, მისი მცდელობა შინელის დაბრუნებისა, გარდაცვალება და ბოლოს აღმდგარი აკაკის შურისძიება. სხვასთან ერთად, ზურა გაგლოშვილის მუსიკალური რიგი, თინათინ წულაძის ქორეოგრაფია მსახიობთა პლასტიკაში გადმოცემული რამდენიმე შტრიხით, ერთ მთლიანობაში კრავს  მოვლენათა ქმედით რიგს.

გიორგი კიკნაძის - მკერავი, ანა გრიგოლიას - მარია, ვარლამ კორშიას - ივან ანდრეევიჩი, ანი იმნაძის - მკერავის ცოლი, ირაკლი ჩხიკვაძის და ნოდარ ძოწენიძის - მოხეელები და ქურდები, რეჟისორის ჩანაფიქრით. კიდევ უფრო მეტად გროტესკულები და გაშარჟებულები არიან.  ყოველი მათგანი სპეციფიკური, დამახასიათებელი ხერხით, ჟესტიკულაციით, პლასტიკითა თუ კოსტიუმებში ხაზგასმული შტრიხებით, უტრირებულად გამოხატავენ თავიანთი პერსონაჟების ხასიათებს. არცერთ მათგანს აღარ აქვს შერჩენილი ადამიანური თვისებები და მხოლოდ ფულსა თუ საკუთარ სარგებელზე ორიენტირებულები არიან. ისინი აკაკი ბაშმაჩკინის გარშემო არსებული უსულგულო სამყაროს „ღირსეულ“ წარმომადგენლებად გვევლინებიან. ამაზრზენია სამყარო, რომელშიც აღარ არსებობს: სიყვარული, სითბო, თანაგრძნობა, თანალმობა... ეს რეალოობაა.

კოკო როინიშვილმა შეძლო გოგოლის მოთხრობის სტილისტიკის დაცვა. რეჟისორი, მწერლის მსგავსად, ამ უმძიმეს ამბავს მსუბუქად, ირონიითა და გროტესკით, ზოგჯერ გაშარჟებულადაც კი გადმოსცემს. ფინალში, დაკარგული შინელის პოვნით იმედგაცრუებული აკაკი ბაშმაჩკინი ავად გახდება და გარდაიცვლება. ეს ადამიანთა ცხოვრების სამწუხარო რეალობაა. მაგრამ... ისევე როგორც მოთხრობაში, ნიკა კუჭავს ბაშმაჩკინი ფინალში ამბოხდება.


მუსიკის, განათების მეშვეობით რეჟისორმა სცენაზე ირეალური სამყარო გააცოცხლა. სცენაზე თოვლიანი ქარბუქი მძვინვარებს, აქეთ-იქით ფრიალებს საწერი ქაღალდებიც, დამცირებული, შეურაცხყოფილი, გაძარცვული ნიკა კუჭავას აკაკი ბაშმაჩკინი უკვე სულ სხვა პლასტიკით, მიხვრა-მოხვრით მოგვევლინება, იგი აღარ ეგუება არსებულ სინამდვილეს, მასში პროტესტი იღვიძებს და მკვდრეთით ამღდგარი, ამბოხებული აკაკი აკაკიევიჩი ყველას სამაგიეროს მიუზღავს. ირეალურ სამყაროში სიმბოლურად ყველას წაართმევს „შინელს“. ნიკა კუჭავას პერსონაჟი აღარ არის უსუსური, საცოდავი, დაჩაგრული არსება, ახლა ის მეამბოხეა - მარტო უპირისპირდება უსამართლო სამყაროს, რომელიც თავისი სისასტიკის, უსულგულობის გამო განწირულია.   

კოკო როინიშვილმა და შემოქმედებითმა დასმა იუმორითა და სევდით აღსავსე, ამაღელვებელი, ბევრ რამეზე დამაფიქრებელი, დახვეწილი სპექტაკლი-ფანტასმაგორია შექმნეს.

Comments