თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2018, უფაქიზესი, ნატიფი გრძნობით გადმოცემული მეგობრობა

@მაკა ვასაძე

წლევანდელი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რიგის ახალი თეატრის სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ გაიხსნა. წარმოდგენა ლეგენდარული მოცეკვავის მიხეილ ბარიშნიკოვისა და ცნობილი ლატვილელი რეჟისორის ალვის ჰერმანესის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერა რიგის ახალი თეატრის სცენაზე 2015 წელს შედგა და მას მერე მრავალი ქვეყნის სცენაზე ითამაშეს.

ეს არ გახლავთ ტრადიციული დრამატული მონოსპექტაკლი, ეს  დიდი ხელოვანის, ადამიანის, მეგობრის მიერ განცდილი, მეოცე საუკუნის პოეტ-ფილოსოფოსის ბროდსკის ლექსების გადმოცემაა ვერბალური და სხეულის ენით. სიცოცხლესა და სიკვდილზე, ადამიანის ყოფის ტრაგიკულობაზე ლექსებით აგებულ-მოყოლილი ამბავი, ბარიშნიკოვმა და ჰერმანესმა სცენაზე გააცოცხლეს და უფაქიზესი პოეტურობით გადმოსცეს. უპირველეს ყოვლისა გხიბლავს ბარიშნიკოვის მიერ ბროცკის ლექსების გადმოცემის სტილისტიკა, შინაგანად განცდილი, გონებრივად გააზრებული, თავისუფალი ყოველგვარი შტამპებისაგან.

ბარიშნიკოვი და ბროდსკი უახლოესი მეგობრობი იყვნენ. სწორედ ორი დიდი ხელოვანის სულიერი კავშირი ნათალდ გამოსჭვივის ბარიშნიკოვის მიერ ბროდსკის ლექსების გადმოცემისას. ამ სულიერ ინტიმურობას ფონს უქმნის კრისტინე იურიანეს მიერ შექმნილი სცენოგრაფია, სასცენო სივრცე, რომელშიც ბარიშნიკოვი საათნახევრის განმავლობაში ცხოვრობს, განიცდის, აზროვნებს და თავის ფიქრებსა და გრძნობებს მაყურებელს გადასცემს. დეკორაცია საზაფხულო, სააგარაკო სახლის ფასადია, წინ ორი გრძელი ხის სკამით, ერთ-ერთზე მოთავსებული ბაბინებიანი ფირსაკრავით და რამდენიმე წიგნით. ეს ერთი შეხედვით მარტივი სცენოგრაფია, განათების ოსტატური გამოყენებით საოცარ ატმოსფეროს ქმნის.
15 სექტემბერს, მწერალთა სახლში ალვის ჰერმანესთან სპონტანურად მოწყობილ შეხვედრაზე, რეჟისორმა თქვა, რომ ერთხელ უკითხავს ბარიშნიკოსთვის, მაინტერესებს შესაძლოა თუ არა მუსიკის გარეშე სხეულის პლასტიკით ამბის გადმოცემაო. ალბათ, ამიტომაც მუსიკა პიანისიმოზე ფონად გასდევს  სპექტაკლს. ხოლო თავად მუსიკას, მელოდიას, ბარიშნიკოვის მიერ ვერბალურად და სხეულის, პლასტიკის ენით მოთხრობილი ლექსები ქმნიან.
რეჟისორმა და მსახიობმა სპექტაკლს - იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვით დრამა/ერთი მსახიობის წარმოდგენა - უწოდეს. ბარიშნიკოვი ყოველ ლექსს სხვადასხვა მელოდიით, სხვადასხვა ტემპო-რიტმით კითხულობს. წარმოდგენა ორი მეგობრის შინაგანი დიალოგია, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაცვლილია, მაგრამ მათ შორის სულიერი კავშირი არ გაწყვეტილა.  სპექტაკლი მსვლელობისას, შიგადაშიგ ლექსებს თავად ავტორი იოსიფ ბროდსკი კითხულობს, აუდიოფირის საშუალებით. რა არის ადამიანის სიცოცხლე დროსთან მიმართებაში? ესეც სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი თემაა. თავიდანვე, სცენაზე შემოსვლისას, ბარიშნიკოვს ხელში ძველი, ტყავის შავი ჩემოდანი უჭირავს, რომლიდანაც რამდენიმე ნივთს იღებს. მათ შორისაა მაღვიძარა და წიგნები - ბროდსკის ლექსები.

ორი მეგობრის დიალოგში გამოსჭვივის სევდა, ნოსტალგია, სიყვარული, ტრაგედია, სიკვდილი, სხეულის კვდომის აბსურდულობა. ჰერმანესმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ლექსების შერჩევის პროცესში, ისეთ ლექსებს ანიჭებდა უპირატესობას, რომლებიც ადვილად აღსაქმელი იქნებოდა მაყურებელი-მსმენელისთვის. მერე აღმოჩნდა, რომ ყველა შერჩეული ლექსი ბროდსკის შემოქმედების ადრეულ პერიოდს განეკუთვნება.  გაირკვა, რომ თემატურად ლექსები ძირითადად სიკვდილზეა, სხეულის კვდომაზეა, სიკვდილთან ურთიერთობაზეა. ჰერმანესმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ადრეული პერიოდის ბროდსკი უფრო პესიმისმისტურ-ნიჰილისტურია, ვიდრე შემდგომ. 

ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი სპექტაკლი, ეს უფრო სპირიტუალური სეანსია ორ მეგობარს შორის. კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გაუსვა ხაზი რეჟისორმა. თავიდან, რაღაც პერიოდის განმავლობაში ბარიშნიკოვი თურმე თვალდახუჭული თამაშობდა, რათა არ დაეკარგა მეგობერთან საუბრის ინტიმურობის შეგრძნება. პრემიერის წინ ჰერმანესს უთქვამს ბარიშნიკოვისათვის, არ დაგავიწყდეს, რომ სცენაზე მარტო არ ხარ, სცენაზე თქვენ ორნი ხართ, შენ და იოსიფ ბროდსკი. მართლაც, მთელი სპექტაკლის განმავლობში, მაყურებელს არ ტოვებს შეგრძნება, რომ სადღაც იქვე, თუნდაც კულისებს მიღმა, იოსიფ ბროდსკი ტრიალებს.

Comments