@მაკა ვასაძე
წლევანდელი, რიგით
მეოთხე, „რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი“, მიუხედავად წინააღმდეგობებისა,
ერთობ ორიგინალური და საინტერესო აღმოჩნდა. გაზაფხულზე გაირკვა, რომ ფოთის ვალერიან
გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა იმდენად ავარიულია, რომ ტრდაციისამებრ
ფესტივალის სპექტაკლების იქ გამართვა შეუძლებელია. საორგანიზაციო გუნდი თავიდან ფიქრობდა
ფესტივალი სხვა ქალაქში ჩატარებულიყო, მაგრამ შემდეგ გაჩნდა იდეა სპექტაკლები სხვადასხვა
ლოკაციაზე ეთამაშათ. სწორედ ამიტომაც, წინა
წლებისგან განსხვავებით, როდესაც რეგიონული თეატრები თავად წყვეტდნენ თუ რომელი სპექტაკლით
წარსდგებოდნენ ფესტივალზე, 2018-ში ორგანიზატორებმა შეარჩიეს დადგმები. ალბათ, ამ მიზეზით,
წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენები სპექტაკლების მხატვრული ხარისხი, წინა წლებთან შედარებით,
უფრო მაღალი იყო. ყოველწლიურად, ფესტივალის დასასრულისკენ ჩატარებულ „მრგვალ მაგიდაზე“,
სათეატრო კრიტიკოსები აღვნიშნავდით ხოლმე, რომ აუცილებელია სპექტაკლების ერთგვარი სელექცია.
მოკლედ, ე. წ. „გაჭირვებამ“ ფესტივალი ბევრად უფრო მიმზიდველად აქცია.
საფესტივალო პროგრამაში 17 სპექტაკლი იყო
წარმოდგენილი.
საქართველოს რეგიონებიდან: თელავის, დმანისის, გორის, ქუთაისის,
რუსთავის, სენაკის, ხულოს, ოზურგეთის, ბათუმის, ფოთის თერთმეტი თეატრი, ხოლო
ირანიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან სამი რეგიონული თეატრი მონაწილეობდა.
შარშან, იტალიიდან მოწვეულმა მსახიობმა და
რეჟისორმა კლაუდიო დი მოლიომ მასტერკლასი ჩაატარა
და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრების 24 ახალგაზრდა მსახიობს „კომედია
დელ არტეს“ ანაბანა გააცნო.
მიუხედავად
ოთხდღიანი მძიმე ფიზიკური დატვირთვისა, უკლებლივ ყველა ძალიან დიდ კმაყოფილებას
გამოთქვამდა და ამბობდა, რომ ეს ტრენინგები მათ მომავლ მუშაობაში დაეხმარებათ.
აქედან გამომდინარე, „კულტურულ საგანმანათლებლო ფონდის დღეს“ და ფესტივალის დამფუძნებელმა,
სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ და საორგანიზაციო გუნდმა, გადაწყვიტეს
ამ პროექტის გაგრძელება. მათ, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურის
ხელშეწყობით, მაისის თვეში უფრო ხანგრძლივად მოიწვიეს კლაუდიო დე მოლიო თბილისში.
იტალიელი
რეჟისორის და ქართველი ახალგაზრდა მსახიობების ერთობლივი მუშაობის შედეგი,
შექსპირის კომედიის „ამაო გარჯა სიყვარულისა“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი -
„მეფის კანონი“ - ჯერ თბილისში, „საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის“
დარბაზში, ხოლო შემდეგ ფოთის ფესტივალზე წარმოადგინეს. ერთსაათიანმა პერფორმანსმა
ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სცენაზე აშკარად ჩანდა იტალიელი მაესტროს
ნამუშევრის შედეგი: ქართველი ახალგაზრდა მსახიობები მეტ-ნაკლებად დაეუფლნენ
იტალიური ტრადიციული, ხალხური ფესვებიდან აღმოცენებული ჟანრის შესრულების ხერხებს.
მათ შეძლეს კომედია დელ არტესეული ტიპაჟების შექმნა.
2018 წლის ფესტივალის
მზადების პროცესში საორგანიზაციო გუნდს მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუწია: შემცირდა
ბიუჯეტი, თეატრის შენობა მწყობრიდან გამოვიდა და ბოლოს, ფესტივალის დაწყებამდე 2 დღით
ადრე, ლონდონიდან მოუვიდათ შეტყობინება, რომ
გახსნაზე დაგეგმილი მონოსპექტაკლის - „მედეა, გაძევებული“ (სენეკა, ევრიპიდეს,
მიულერის მიხედვით) - მსახიობი, გაურკვეველ მიზეზთა გამო, აღარ ჩამოდის. ფესტივალის
სამხატვრო ხელმძღვანელი და საორგანიზაციო ჯგუფი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩდნენ.
კარს მომდგარი ფესტივალის გახსნის მოფიქრებული გეგმა ჩაშლის წინაშე იყო.
ამ ზაფხულს, ახალგაზრდა შემოქმედთა ინიციატივით, კიდევ
ერთ ძალიან კარგ წამოწყებას - „ახალი დრამის ფესტივალი“ - ჩაეყარა საფუძველი (სულ ვამბობ,
რაც მეტი ფესტივალი იქნება, ქართული თეატრის განვითარებისათვის მით უკეთესი). სწორედ
ამ ფესტივალის ფარგლებში ითამაშეს პირველად გურამ მაცხონაშვილის დადგმული ლაშა ბუღაძის
„ანტიმედეა“. ზოგადად ფესტივალმა და კონკრეტულად ამ წარმოდგენამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
ფოთის ფესტივალის გახსნა მალთაყვის სანაპიროზე, ძველი საბჭოთადროინდელი, ნახევრად დანგრეული
შენობის სივრცეში იყო გათვალისწინებული. ნინელი ჭანკვეტაძეს მართალია ნანახი არ ჰქონდა
ეს სპექტაკლი, მაგრამ მასმედიასა და სოციალურ ქსელში გამოხმაურების შედეგად, უცბად
გაახსენდა, რომ იმ ლოკაციას სწორედ „ანტიმედეა“ მოერგებოდა.
არ ვიცი, როგორი
იქნებოდა ბრიტანელი მსახიობის მიერ ნათამაშები მონოსპექტაკლი „მედეა, გაძევებული“,
მაგრამ რაც 21 ივლისს, გახსნაზე მაყურებელმა ნახა, თამამად შეიძლება ვუწოდოთ, თანამედროვე
ქართულ სათეატრო ხელოვნებაში მიმდინარე ძიებების, ერთ-ერთი საუკეთესო, მაღალმხატვრული
შედეგი. რეჟისორმა, შემოქმედებითმა და ტექნიკურმა ჯგუფმა, ერთ დღეში შეძლეს სპექტაკლის
იმ გარემოსთვის მორგება, თანაც იმდენად კარგად, რომ სხვაგან, დახურულ სივრცეში ამ წარმოდგენის
გათამაშება, წარმოუდგენლადაც კი მეჩვენება. გურამ მაცხონაშვილმა საუკეთესო სამსახიობო
ანსამბლი შეკრა, ყველა მსახიობმა ძალიან საინტერესო პერსონაჟი შექმნა, ხოლო ლილი ხურითის
მედეა, სამსახიობო ოსტატობის უმაღლესი გამოვლინებაა. ევრიპიდეს „მედეას“ მოტივებზე, დრამატურგმა და რეჟისორმა
თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, უახლეს პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომიკურ
ჭრილში გადაწყვეტილი წარმოაჩინეს.
შესაძლოა არ ეთანხმებოდე ლევან წულაძისეულ ილიას „კაცია-ადამიანის?!“
სარეჟისორო კონცეფციას, მაგრამ საკუთარი ჩანაფიქრი, დამდგმელმაც და შემოქმედებითმა
ჯგუფმაც, მხატვრული თვალსაზრისით ნათლად და საინტერესოდ წარმოაჩინეს. თელავის თეატრის
სპექტაკლს ჩამოშორებული აქვს ზოგადსაკაცობრიო, მარად საკვლევი თემა - ადამიანის რაობის,
არსის, დანიშნულების შესახებ. წარმოდგენა სიყვარულზეა, ლუარსაბისა და დარეჯანის სიყვარულზე.
ლევან წულაძის და მხატვრის ლევან როსტომაშვილის ჩანაფიქრით თათქარიძეების ოჯახის ამბავი
სცენაზე გაკეთებულ მბრუნავ წრეზე ვითარდება. დეკორაციის უმთავრესი, აქცენტირებული რეკვიზიტი
კი დიდი საწოლია.
მოვლენათა რიგი
ამ საწოლის გარშემო იკვრება. საწოლს, რომელშიც ლუარსაბისა და დარეჯანის მთელმა ცხოვრებამ
განვლო, სხვადასხვა სიმბოლურ-მეტაფორული დატვირთვა აქვს: სიზარმაცის, ინტიმურობის,
საკუთარ თავში ჩაკეტილობის და სხვ. სპექტაკლის
რეფერნად ქცეული ფრაზის - „შენ გენაცვალე, კახეთო!“ - ვიზუალური გამოხატულებაა კავკასიონის
ქედი, რომელიც მოქმედ პერსონაჟებს თითქოს ზევიდან
დაჰყურებს. ურეკის კულტურის სახლის სცენა ინტიმურ გარემოს უქმნიდა კამერული ტიპის სპექტაკლს
და თითქოს უფრო ესადაგებოდა, ვიდრე თეალავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული
თეატრის დიდი მასშტაბების სასცენო სივრცე. რეჟისორი და მსახიობები, სევდანარევი იუმორით
გადმოსცემენ ლუარსაბისა და დარეჯანის უნაყოფო სიყვარულის ამბავს. ვანო იანტბელიძის
- ლუარსაბის და მანანა აბრამიშვილის - დარეჯანის სიყვარული, იმისდამიუხედავად რომ ჭამა-სმასა
და სარეცელს არ სცილდება, მაინც რომანტიკულობის ელფერის მატარებელია და მაყურებელში
თანაგრძნობას აღძრავს. რეჟისორმა და მსახიობებმა საინტერესო, დამახასიათებელი შტრიხების
მქონე ტიპაჟები შექმნეს. სამსახიობო ანსამბლიდან, ვანო იანტბელიძესა და მანანა აბრამიშვილთან
ერთად, გამოირჩევა ნონა ხუმარაშვილის ლამაზისეულის პერსონაჟი.
ძირითადად პლასტიკასა
ფიზიკურ მოქმედებაზე იყო აგებული დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო
დრამატული თეატრის ერთსაათიანი პერფორმანსი „სიბრძნე სიცრუისა“. თამარ ხიზანიშვილმა
(ინსცენირების ავტორი, რეჟისორი, მუსიკალური გამფორმებელი) სულხან-საბა ორბელიანის
იგავ-არაკების საინტერესო სცენური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა, რომელშიც ძირითადად
ახალგაზრდა, პროფესიონალი თუ მოყვარული, ქალი მსახიობები მონაწილეობდნენ. წარმოდგენა
კოლხური კულტურის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში გაითამაშეს. სპექტაკლი ინტერაქტიულია
და მაყურებელი მოქმედების უშუალო მონაწილე ხდება.
ილია ქოქრაშვილის
სადებიუტო სპექტაკლი, რომელიც რეჟისორმა სტრინბერგის
პიესის „ფრეკენ ჟიულის“ მიხედვით განახორციელა, გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო
დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ნანახი მქონდა. ახალგაზრდა რეჟისორმა ძალიან
კარგად აითვისა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის სივრცე, სადაც ფოთის
ძველი შუქურაც დგას. ახალ ექსტერიერში უფრო ნათლად გამოიკვეთა სტრინგბერგის ნაწარმოების
გათანამედროვებული რეჟისორული კონცეფცია - თანამედროვე ადამიანის უსულგულობა, ე. წ.
„მანქანად“ ქცევა, ადამიანის მისწრაფება ფულისკენ და კარიერისკენ, ყოველგვარი ადამიანურის
უგულებელყოფა - ნიველირება, გაუფასურება. სამსახიობო ოსტატობით გამოირჩეოდა გვანცა
კანდელაკის შექმნილი ფრეკენ ჟიულის პერსონაჟი.
გროტესკით, ირონიითა
და დრამატულობით არის გამსჭვალული გიორგი ოსეფაშვილის (რეჟისორი, ქორეოგრაფი, მუსიკალური
გაფორმება) სპექტაკლი „პიკნიკი“. ფერნარდო არრაბალის ნაწარმოები ომის სისასტიკეზე და
უაზრობაზეა. რას, ვის ემსახურება და როგორ შეიძლება შევაჩეროთ აბსურდამდე მისული ომები.
ომები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები, სახელმწიფო სტრუქტურები ახორციელებენ,
კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების მოსაპოვებლად და რომლებსაც უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე
ეწირება. ოცდამეერთე საუკუნეშიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ომი მძვინვარებს. უდანაშაულო
ხალხი იღუპება, უსახლკაროდ რჩება, ადამიანები
სოციალურად დაუცველ ლტოლვილებად, უფრო მეტიც, მათხოვრებად იქცნენ. პიესიდან გამომდინარე,
რეჟისორმაც გროტესკულად გადმოსცა ჩვენი საუკუნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა. მალთაყვის
ტყე-პარკი კი ზუსტად მიესადაგა პიესაში თუ სპექტაკლში გადმოცემულ ამბავს.
სენაკის აკაკი
ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ნინო მირზიაშვილის პიესა - „მაცეკვე
ტანგო“ ითამაშა ფოთის კულტურის სახლში. უნდა აღვნიშნო, რომ კახა გოგიძის დადგმული,
ე. წ. „ცხოვრებისეული ჟანრის“ კომედია ორი
წყვილის (საშუალო და ახალგაზრდა ასაკის) სიყვარულის შესახებ, ამავე თეატრის წინა წლებში
ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლებისგან, გამოირჩეოდა მხატვრული დონით, როგორც რეჟისურის,
ასევე სამსახიობო შესრულების თვალსაზრისით, იმისდამიუხედავად რომ მამაკაცის ერთ-ერთ
მთავარ როლს არაპროფესიონალი მსახიობი ასრულებდა.
ოზურგეთის ალექსანდრე
წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, რომლის შენობაში სარემონტო-სარეაბილიტაციო
სამუშაოები მიმდინარეობს, ფესტივალის სტუმრებს სპექტაკლი სოფელ გურიანთა კულტურის სახლში
წარუდგინა. თანამედროვე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ უკვე კარგად ცნობილი დრამატურგის
თამარ ბართაიას პიესა „სათამაშო პისტოლეტი“, არაერთხელაა დადგმული საქართველოსა თუ
უცხოეთში. ვასილ ჩიგოგიძის დადგმაში, ჩემთვის აღმოჩენა იყო ახალგაზრდა მსახიობი მარი
ხანთაძე. მას ძალიან კარგი სამსახიობო მონაცემები აქვს, განსაკუთრებით პლასტიკა და
ამასთანავე, მარი შინაგანი ემოციური მუხტის მატარებელია. თუკი მასთან იმუშავებენ, ოზურგეთის
თეატრს და ზოგადად ქართულ თეატრს კიდევ ერთი კარგი მსახიობი შეემატება.
გრიგორი გორინის
პიესის - „სწორედ ის მიუნჰაუზენი“ - მიხედვით, კოტე აბაშიძის დადგმული სპექტაკლით
- „მიუნჰაუზენი“ - წარსდგა ფესტივალზე ქუთაისის
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. რეჟისორმა ძალიან კარგი სამსახიობო
ანსამბლი შეკრა ქუთაისის თეატრის წამყვანი არტისტებისგან. მარიკა სამანიშვილმა, დათო
როინიშვილმა, ზვიად სვანაძემ, სულხან გოგოლაშვილმა საინტერესო სახეები შექმნეს, ამა
თუ იმ პერსონაჟისთვის დამახასიათებელი პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მიმიკით. გამორჩეული
პიროვნების და საზოგადოების კონფლიქტი სარეჟისორო კონცეფციის ამოსავალი წერტილია. რატომ
არ უყვარს, უფრო მეტიც, ვერ იტანს საზოგადოება განსხვავებული, გმირული სულისკვეთების,
იდეალების, კეთილშობილური ზრახვების მქონე პიროვნებებს? რატომ ებრძვიან ასეთ ადამიანებს
და რატომ უნდათ, რომ ისინიც მათთნაირი უპრინციპონი, ცბიერნი და უნამუსონი იყვნენ. რატომ
სურთ მათი გარდაქმნა ერთფეროვანი, უსახური, ნაცრისფერი მასის რიგით წევრებად? რეჟისორმა
ზოგადსაკაცობრიო პრობლემები სპექტაკლში კომიკური ფანტასმაგორიის სტილისტიკისათვის დამახასიათებელი
ხერხებით წარმოაჩინა.
აჭარამ წელს სამი
თეატრის სამი სპექტაკლი ითამაშა ფესტივალზე. ნიკა ჩიკვაიძის, თოჯინებისა და მოზარდ
მაყურებელთა თეატრში, დადგმული შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ გათანამედროვებული ვარიანტი,
სამწუხაროდ ვერ ვნახე. ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კი
„მცირე თეატრში“, გიორგი სიხარულიძის სპექტაკლი
„ედიტ პიაფი“ უჩვენა, რომელიც რეჟისორმა ნინო სადღობელაშვილის ერთმოქმედებიანი პიესის
მიხედვით განახორციელა. რეჟისორმა ედიტ პიაფის ყველა დროის უდიდესი შემოქმედება, პიროვნების
ადამიანურ თვისებათა პრიზმაში გარდატეხილი წარმოაჩინა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მინიმალისტური სარეჟისორო
ხერხებით, წინა პლანზე მსახიობის ნამუშევარია გამოტანილი. სპექტაკლში ყველაფერი მაია
ცეცხლაძის მიერ შექმნილ ედიტ პიაფის პერსონაჟს „ემსახურება“. გიორგი სიხარულიძის და
მაია ცეცხლაძის ედიტი, გარეგნულად მობუზული, შემცივნებული, კატის ბრჭყალებიდან ახლად
თავდახსნილი, სიკვდილის პირზე მყოფი ბეღურის განსახიერებაა. შინაგანად კი მასში შემოქმედებითი
ცეცხლის ნაპერწკალი ისევ ანათებს, რომელიც გასაღვივებელ მიზეზს ელოდება, რათა კვლავ
ცეცხლად აგიზგიზდეს. მაია ცეცხლაძის ედიტი ნაფიქრი, ემოციურად
დამუხტული, დახვეწილი გემოვნებით, შექმნილი სახეა. ხულოს სახელმწიფო დრამატული
თეატრი ირაკლი გოგიას დადგმული, თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესით -
„ზვავი“ - წარსდგა მაყურებლის წინაშე. მხატვრული თვალსაზრისით, სპექტაკლი
სამწუხაროდ ძალიან დაბალი დონის იყო. ეს ეხება რეჟისურასაც და სამსახიობო
ოსტატოტაბასაც.
ფესტივალი დაიხურა
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მკვდარი
ქალაქები“. დავით ხორბალაძის ტექსტზე შექმნილი მიშა ჩარკვიანის დადგმა, შარშან ივლისის
თვეში ვნახეთ ფესტივალის დაწყებამდე. მაშინ, თეატრალურმა კრიტიკოსებმა, ერთხმად აღვნიშნეთ,
რომ ქართული თეატრის რეპერტუარს კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი შეემატა. წარმოდგენა
ქართველი თანამედროვე, ახალგაზრდა რეჟისორებისა და დრამატურგებისთვის დამახასიათებელ
მხატვრულ-დოკუმენტურ, ინტერაქტიულ სათეატრო სტილისტიკაშია გადაწყვეტილი. დოკუმენტურ
მასალებზე აგებული პიესა და სპექტაკლი ერთი კონკრეტული ქალაქის და მისი მაცხოვრებლების
თანდათანობით კვდომაზეა. ავტორები კონკრეტიკიდან განზოგადოებისკენ მიდიან. ამ შემთხვევაში
ეს ქალაქი - ფოთია. ქალაქების კვდომა ქვეყნის, ერის კვდომას გამოიწვევს, ნელ-ნელა კი
კვდომის პროცესი შესაძლოა მთელ მსოფლიოს მოედოს. ფესტივალის დახურვა ყოფილი ჰიდრომელიორაციული
ტექნიკური სასწავლებლის მიტოვებულ, გაპარტახებულ შენობის ნანგრევებში შედგა. ამ სივრცეში
გათამაშებული „მკვდარი ქალაქები“ კიდევ უფრო მეტად აქტუალური იყო.
ფესტივალის
მიმდინარეობისას, მაყურებელმა, როგორც უკვე აღვნიშნე სამი უცხოური წარმოდგენა იხილა. „აურა ჯგუფმა“ თეირანიდან (ირანი) სხეულის
ენით მოთხრობილი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის, კავშირის საიდუმლოებები,
პრობლემები წარმოაჩინა. ახალგაზრდების მიერ შექმნილი პერფორმანსი პატარ-პატარა ეპიზოდებისგან
იყო აგებული, რომელსაც არ ჰქონდა ამბის შემკვრელი ღერძი, რის გამოც დანაწევრებულ,
სტუდენტების სავარჯიშო ეტიუდებად აღიქმებოდა.პოლონურმა „ახალმა თეატრმა“ ქალაქ ზაბჟედან წელს მაყურებელს ერიკ-ემანუელ შმიდტის მიხედვით დადგმული „ანა ფრანკის დღიური“ წარუდგინა. იმისდამიუხედავად, რომ სპექტაკლი დროის თვალსაზრისით არ იყო გრძელი, ძალიან, დუნედ, გაწელილად, თითქმის მოქმედების გარეშე იყო დადგმული, ამიტომ დაუსრულებელის და მოსაწყენის შთაბეჭდილება დატოვა.
სამსახიობო ოსტატობითა და პროფესიონალიზმით
გამოირჩეოდა კიეველი (უკრაინა) მსახიობის ვალერი ჩიგლიაევის მიერ შემოთავაზებული „სპექტაკლი
სპექტაკლის შემდეგ“. შექსპირის ტრაგედიებისა და კომედიების: „ოტელო“, „მაკბეთი“,
„ჰამლეტი“, „მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“, „ჭირვეულის მორჯულება“ და
„ზაფხულის ღამის სიზმარი“ - რამდენიმე ეპიზოდი აქვს აღებული მსახიობსა და
რეჟისორს, გადმოსაცემი ამბავი კი საკუთარი ტექსტით შეკრული. მონოსპექტაკლი საათსა
და 40 წუთს მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მსახიობის მიერ შერჩეული
ტემპო-რიტმი, იუმორის გრძნობა მაყურებელს არ აძლევდა მოდუნების საშუალებას.
ჩიგლიავის მეტყველება, პლასტიკა, ჟესტიკულაცია მსახიობის პროფესიონალიზმზე
მეტყველებს.
ფესტივალის ორგანიზატორებმა სირთულეების მიუხედავად
ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესო
ყოფილიყო. რაც მთავარია, წელს უკვე მეორედ სათეატრო ხელოვნებაში მოღვაწე
ახალგაზრდა თაობისათვის ჩატარდა მასტერკლასები. მეტყველებისა და ხმის ტექნიკის დაუფლების
განსხვავებულ მეთოდოლოგიას აზიარა ახალგაზრდა მსახიობები ვროცლავის თეატრალური
აკადემიის ლექტორმა ევა
გლოვაცკა-ფიერეკმა. სასცენო მეტყველებასა და ხმის ტექნიკის დაუფლებაზე ფელდერკრეის და ლიენგარის მეთოდით
პოლონელი პედაგოგი 15
წელია მუშაობს და სხვებსაც გადასცემს. სამსახიობო
ოსტატობაში მასტერკლასები ჩაატარეს აშშ ქოლგეიტის უნივერსიტეტის პროფესორებმა
სიმონა გიურგეამ და ადრიან გიურგეამ. მიხეილ ჩეხოვის თეატრალური მეთოდოლოგიით
ამუშავა ქართველი ახალგაზრდა მსახიობები ლიტველმა რეჟისორმა ვილნიუსიდან ბერნარდას
გიტის პედეგიმასმა. ბატონი ბერნარდასი კაუნასის აკადემიური თეატრის
თეატრალური სკოლის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგია.
ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი
ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესების ზოგად სურათს ასახავს, რაც საშუალებას
გვაძლევს გავაანალიზოთ საქართველოს რეგიონის თეატრების მიღწევები თუ პრობლემები.
წლევანდელმა ფესტივალმა სხვასთან ერთად, ერთი საინტერესო, ყურადსაღები ტენდენცია
გამოკვეთა, კერძოდ კი, კარგი და საინტერესო იქნება თუკი ახალგაზრდა (და არამარტო)
რეჟისორები, სპექტაკლებს ალტერნატიულ სივრცეებში დადგამენ.
2018 წლის „რეგიონული თეატრების
ფოთის საერთაშორისო ფესტივალის“ მიმოხილვის დასასრულს მადლობა მინდა ვუთხრა საორგანიზაციო
გუნდს. ნინელი
ჭანკვეტაძე (იდეის ავტორი, დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი), თენგიზ ხუხია
(დირექტორი), ბექა ჯუმუტია, ნანა თუთბერიძე, ნათია გოგოჭური, თეიმურაზ ქავთარაძე შიო
აბრახამია, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, - თავდაუზოგავად შრომობენ ფესტივალის
სამუშაო და საზეიმო განწყობის შესაქმნელად.
Comments
Post a Comment