სამყარო, ადამიანი, არჩევანი, უსასრულობა, თავისუფლება... რიმას ტუმინასის „ქარი ალვებში შრიალებს“


@ მაკა ვასაძე
„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა“... ჩემდა უნებურად, რიმას ტუმინასის სპექტაკლის - „ქარი ალვებში შრიალებს“ - ნახვის შემდეგ,  გალაკტიონის სიტყვები ამოტივტივდა. უშუალოდ სპექტაკლის ყურებისას კი ფელინისეული ხატებები მედგა თვალწინ... ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში  ყოველთვის იწვევს ასოციაციებს, ემოციებს, ფიქრს, განსჯას...  ფელინისეული ბუფონადა განსხეულებული სათეატრო სივრცეში: ასე ვუწოდე ტუმინასის ნამუშევარს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალის - „Gift“-ის, კიდევ ერთ საჩუქარს თბილისელი მაყურებლისთვის. დიდი მადლობა ამისთვის ქეთი დოლიძეს, ზურა გეწაძეს და საორგანიზაციო ჯგუფის ყველა წევრს.
სევდანარევი კომედია, სევდიანი დრამა კომიკური ელემენტებით განზავებული, ეს განსაზღვრებებიც, ჩემს ფიქრებში, იქვე სპექტაკლის ყურებისას ამოტივტივდა. ხან, მეღიმებოდა, ხან, მეცინებოდა, ხან ცრემლი მადგებოდა, ხან, ვხარხარებდი და ხანაც, გამოუვალობის შეგრძნებისგან, „სიმწრის ბურთი“ მეჩხირებოდა ყელში და თვალზე ცრემლი მადგებოდა. ჟერალდ სიბლეირასის „ქარი ალვებში შრიალებს“ აბსურდულად მოყოლილი ამბავია ადამიანთა თავისუფლებისაკენ  სწრაფვაზე. ხოლო, ყველა ეს გრძნობა, ემოცია, თუ, ფიქრი რიმას ტუმინასის მიერ სათეატრო პირობითობით მოწოდებულმა  დახვეწილმა რეჟისურამ გამოიწვია.
მართალი გითხრათ, ჟერალდ სიბლეირასის (ფესტივალის კატალოგში დრამატურგის გვარი ქართულად არასწორადაა თარგმნილი) პიესას არ ვიცნობდი. წარმოდგენიდან დაბრუნებულმა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მაინტერესებდა,  რამ „შთააგონა" ტუმინასი ამ სპექტაკლის შესაქმნელად; რა შეცვალა თანამედროვეობის ერთ-ერთმა დიდმა რეჟისორმა; დრამატურგიული სიტყვა, ჩანაფიქრი, როგორ გააცოცხლა სცენაზე; რა იყო დრამატურგისეული და რა ტუმინასისეული.
თანამედროვე, თუ უახლესი  ფრანგული დრამატურგია ჯერ კიდევ განიცდის სამუელ ბეკეტის დიდ ზეგავლენას. შეიძლება ითქვას, „აბსურდის თეატრის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის „ტყვეობაში“ იმყოფება (არა მარტო ფრანგული). ეს კონკრეტული პიესა კი ალბათ, „პოეტური თეატრის“ და „ბულვალური აბსურდის“ ე. წ. ნაზავია. საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ „ქარი ალვებში შრიალებს“, დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილი დრამატურგის, პირველი დამოუკიდებელი პიესაა. სწორედ, ამ ნაწარმოების წყალობით გაითქვა მან სახელი. ტომ სტოპარდის ინგლისურად თარგმნილმა პიესამ, სახელწოდებით „გმირები“, 2006 წ. ლოურენს ოლივიეს სახელობის პრემია მიიღო, ნომინაციაში „საუკეთესო კომედია“. მართალია საკამათოა, ამ ნაწარმოების კომედიის ჟანრით განსაზღვრა, მაგრამ მაინც, დამეთანხმებით დიდი ჯილდოა დამწყები დრამატურგისთვის. თუმცა მანამდე, იგი წერდა დიალოგებს, სცენარებს ფილმებისთვის, შემდეგ მუშაობდა რადიოში ჟურნალისტად, იქ დაუმეგობრდა ჟან დელომს. მათ შექმნეს რამდენიმე ერთობლივი პიესა. ერთ-ერთს - Un petit jeu sans consequence (პატარა თამაში უშედეგოდ) - მიღებული აქვს საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული „მოლიერის“ პრემია ხუთ ნომინაციაში, მათ შორის: „წლის საუკეთესო ფრანგული პიესა“ (2003 წ. ითარგმნა თხუთმეტ ენაზე და გადაღებულია ფილმებიც).
საინტერესო ფაქტია, რომ ფრანგი დრამატურგის ნაწარმოები დიდხანს ინახებოდა მიხეილ ულიანოვის უჯრაში. აპირებდნენ კიდეც დადგმას, გმირები: ულიანოვს, იური იაკოვლევს და ვლადიმირ ეტუშს უნდა ეთამაშათ. პიესის მიხედვით, სამივე პერსონაჟი ასაკოვანია: გუსტავი 75 წლის, ფერნანი და ერნანი კი 60 წელს მიღწეულები. ალბათ, საინტერესო სახეებსაც შექმნიდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით სპექტაკლი არ შედგა.
რიმას ტუმინასმა სიბლეირასის პიესა ვახტანგოვის თეატრში 2011 წელს დადგა. პერსონაჟები  შედარებით ახალგაზრდა მსახიობებს ათამაშა: ფერნანი - მაქსიმ სუხანოვს, ერნანი - ვლადიმირ სიმიონოვს, გუსტავი - ვლადიმირ ვდოვიჩენკოვს. ვფიქრობ, ძალიან სწორადაც მოიქცა.  პიესაში, მართალია მითითებულია ზუსტი ასაკი, მაგრამ ისინი  ნებისმიერი ასაკის შეიძლება იყვნენ. პირველი სარეჟისორო ცვლილება, ინტერპრეტაცია სწორედ პერსონაჟთა  განზოგადებაშია. ტუმინასმა თავისი სათქმელი,  კონცეფცია იმგვარად გადმოსცა, რომ პიესის არც ერთი სიტყვა არა აქვს შეცვლილი, ამოგდებული ან გადაადგილებული.  უფრო მეტიც, არც ერთი სცენა, ეპიზოდი არ გადაუნაცვლებია და მოქმედების განვითარებაც დრამატურგისეული დატოვა. ერთი შეხედვით, ეს  ე. წ. არტისტული სპექტაკლი, სინამდვილეში რეჟისორის კონცეფციის „მორჩილია“. მის ნებას ექვემდებარება ყველა და ყველაფერი. ტუმინასი ამას, გემოვნებით, ნატიფი, დახვეწილი სარეჟისორო ხერხებით აკეთებს. რეჟისორი, ზედმიწევნითი სიზუსტით (სკრუპულოზურად) დამუშავებული დეტალებით, ფორმისა და ჟანრის ცვლილებით აღწევს განზოგადებას.
ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანი თავისუფლებისკენ უნდა ილტვოდეს - აი, ტუმინასის მთავარი სათქმელი. და, არა აქვს მნიშვნელობა: გიჟები, მოხუცები, უასხლკაროები, ომის ვეტერანები არიან ისინი, თუ, არა. შემოქმედებითი ჯგუფისთვის მთავარი ამოცანა: დიქტატურის და ომის ზეგავლენის, სქესთა ურთიერთობის, სიყვარულის, მეგობრობის, ადამიანის მარტოსულობის განცდის და თავისუფლებისკენ სწრაფვის - ტრაგი-კომიკურობამდე აყვანილი, განზოგადებული ამბის გადმოცემაა. რა თქმა უნდა, რეჟისორის,  „თეატრში ღმერთის“ (პრესკონფერენციაზე, ტუმინასმა იუმორით, ასე ახსნა  რეჟისორის დანიშნულება თეატრში) „დირიჟორობით“. ალბათ, სწორედ ამიტომაც, მტკივნეული, ზოგჯერ ფილოსოფიური თემების (საკითხების) გადმოსაცემად ტუმინასმა სევდანარევი კლოუნადის ფორმა აირჩია. ყვეალა სახის მაყურებლამდე სათქმელის მარტივად, მსუბუქუად მისატანად. რეჟიორმა, ადამიანთა უკუღმართ ბედზე, ერთდროულად სიცილის და ცრემლის მომგვრელი, სევდიანი კომედია შექმნა.
ბოლო წლებში,  თბილისელი მაყურებელი - „საჩუქარმა“ - ტუმინასის წარმოდგენებით გაგვანებივრა: „ძია ვანია“, „ევგენი ონეგინი“ (მოსკოვური დადგმები ვახტანგოვის თეატრში), „მადაგასკარი“ (ლიტვური სპექტაკლი). პირადად ჩემზე, უკანასკნელმა უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა (სარეჟისორო გამომგონებლობებით აღსავსე „ონეგინზე“ უფრო მეტად მომეწონა. ფესტივალის შარშანდელ ბლოგებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემეულ შეფასებებს). ეს იყო ტკივილით, სითბოთი, სიყვარულით გაკეთებული კამერული სპექტაკლი. საკუთარი ქვეყანისა და ხალხის „აბსურდულ“ ყოფაზე  მოყოლილი ამბავი. იგივე განცდა დამეუფლა, სიბლეირასის მიხედვით, მოსკოვის ვახტანგოვის თეატრში განხორციელებული სპეტაკლის ყურებისას.
ზოგადად, ტუმინასის დადგმები თანამოაზრეთა ნამუშევრებია. სცენოგრაფია, მუსიკა, განათება - რეჟისორის კონცეფციას ჰარმონიულად ერწყმის. ალბათ, ამიტომაც, ბოლო წლებში, ტუმინასი სპექტაკლების ფორმას („ვიზუალს“), სარეჟისორო ენის უკეთ აღსაქმელად, თანამემაულეებთან ერთად ქმნის: მხატვარ - ადომას იაცოვსკისთან და კომპოზიტორ ფაუსტას ლატენასთან.
დარბაზში შესვლისთანავე, სცენა იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. მხატვრის მიერ შექმნილი სცენოგრაფია თითქოს გაჯადოებს. ორივე მხარეს, სხვადასხვა ზომის, ფორმის „კუბებია“ მიმოფანტული. ორკესტრისათვის განკუთვნილი პიუპიტრები სანოტო ფურცლებითურთ და ძველებური „ტონეტის“ სკამები. მარჯვენა მხარეს, შემოსაზღვრულ კვადრატში აგურების გროვა ყრია. შუაში ტრაპეციის ფორმის კუბი და ჯაჭვის ყელსაბამით, ძაღლის დიდი ფიგურა დგას. ერთ-ერთი კუბის უკან: სამი მწვანე, პატარა ზომის „ბუჩქი“ მოჩანს. მაღლიდან ჩამოშვებული შუშის ნათურები, ვარსკვლავების ასოციაციას ბადებს. ამ ყველაფერს,  შავი დიდი კედელი კრავს, რომელზეც წვრილი თეთრი ზოლია გამოსახული. დომინანტი ფერები კვლავ ტუმინას-იაცოვსკისეულია: ნაცრისფერი, შავი, თეთრი, შიგადაშიგ მოცისფრო გამონათებებით (შუქის მხატვარი: მაია შავდათუაშვილი). სცენოგრაფია სხვადასხვა ასოციაციის გამომწვევია: გაუდაბურებული, საზაფხულო პარკი, რომელშიც კონცერტები იმართება ხოლმე; ან, მიტოვებული, ძველებური აკლდამა-სასაფლაო. პიესაში მოქმედება მოწყალების სახლის ვერანდაზე ვითარდება. მართალია, დრამატურგს დეკორაციის დეტალები მითითებული აქვს, მაგრამ მხატვრისა და რეჟისორის მიერ შექმნილი სცენური გარემო ბევრად უფრო მასშტაბურია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ანტურაჟი და რეკვიზიტი, მსახიობებს ხელს უწყობს თავინთი პერსონაჟების უკეთ აღქმასა და გამოსახვაში. მაგალითად, სუხანოვ-ფერნანის მიერ შოპენის ბიუსტის შემოტანა და გატანა, იმ ეპიზოდში, როდესაც მეგობრებს, თავის ნამდვილ პროფესიას - პიანისტობას  გაანდობს; ან, მსახიობების მიერ გრძელი ხის მორის გამოყენება, იალქნიან გემზე მოგზაურობის ილუზიის შესაქმნელად და სხვა.
ტუმინასი თავის დადგმებში დიდ როლს ანიჭებს მუსიკას. მასთან მუსიკა, ისევე როგორც, სცენოგრაფია - ზოგადად სპექტაკლის, თუ, კონკრეტული სცენის, ეპიზოდის - განწყობის შემქმნელია. ამ შემთხვევაშიც, ლატენასის მუსიკალური რიგი, სარეჟისორო კონცეფციის  ამსახველია. მუსიკა, თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჟღერს. მხოლოდ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ვერბალური თუ ფიზიკური გამოხატვისას წყდება. (ამ სპექტაკლშიც, სხვა კომპოზიტორთა მუსიკალური ნაწარმოების ნაწყვეტებია გამოყენებული, მაგალითად, შოპენის). რა თქმა უნდა, აქაც ერთი მთავარი ლაიტმოტივი არსებობს. ამასთანავე, (პიტერ ბრუკს დავესესხები) მუსიკა ცალკე კი არ ჟღერს, არამედ სპექტაკლის (რეჟისორის ჩანაფიქრის) ჰარმონიული კომპონენტი, მისტიკურობის შემქნელია.
პიესაში და სპექტაკლშიც სამი პერსონჟი, სამი გმირია. ჟერალდ სიბლეირასის მოქმედ პირთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: გუსტავი, ფერნანი, რენე. ტუმინასის სპეტაკლში კი პერსონაჟები (სიის მიხედვით) ამგვარად განლაგდნენ: ფერნანი, რენე, გუსტავი. პიესაშიც და სპექტაკლშიც, თითქოს მთავარი როლი არ არსებობს, მაგრამ დრამატურგიულ ნაწარმოებში, გუსტავს მიჰყავს „აღლუმი“. პიესაში გუსტავი: მთავარი მეოცნებე, მთავრი „რევოლუციონერი“, მთავარი მეამბოხეა. ტუმინასთან კი, მთავარი გმირი, მაქსიმ სუხანოვის მიერ შექმნილი ფერნანის, ერთი შეხედვით, მოსულელო პერსონაჟია: აჩაჩული შარვლით, მოტვლეპილ თავზე დიდი მოიასამნისფრო ლაქით, „დონდლო“ გარეგნობით. სამივენი 1914-18 წ. ომის ვეტერანები და მეორე მსოფლიო ომის მომსწრენი არიან. რენე და ფერნანი ომმა ინვალიდებად აქცია: ერთს ფეხი აქვს დაზიანებული, მეორეს თავში ყუმბარის ნაწილი გასჩხერვია. სამივე მსახიობი, პროფესიონალურად ასრულებს რეჟისორის მიერ დასახულ ამოცანას, მაგრამ, ვფიქრობ, მაქსიმ სუხანოვმა, ყველაზე კარგად გააცნობირა რას ითხოვდა მისგან რეჟისორი. გულკეთილი, მიმნდობი, ადამიანის მოყვარული, თავის დროზე ქალთა „გულის“ მპყრობელი, ნიჭიერი პიანისტი... მისი „გულყრები“, უფრო მეტად, რეალური სამყაროდან გაქცევის გამომხატველია, ვიდრე ომში მიღებული ნაიარევის. ვლადიმირ სიმონოვის რენე - გრძელი ფრაკით, ცილინდრით, ხელჯოხითა და ხელში წიგნით - პატარა გოგოების მოყვარული (უნებურად, ნაბოკოვის „ლოლიტა“ გახსენდება) ე. წ. ინტელექტუალი „დენდია“, რომელსაც ყველაზე მეტად, „სიმშვიდე“ სურს და ამ გარეგნული „სიმშვიდის“ მოსაპოვებლად „ყურმოჭრილ მონობაზეც“ თანახმაა. რეჟისორმა იგი პირველ ვიოლინოდაც მოიაზრა (ავანსცენაზე გამოტანილ პიუპიტრთან ჯდება ხოლმე). მსახიობს, ვლადიმირ ვდოვიჩენკოს გუსტავის პერსონაჟში, უხეშობის მიღმა შეფარული, სინამდვილეში არისტოკრატული წარმოშობის, ჭკვიანი, განათლებული, ნიჭიერი ადამიანი უნდა გამოეხატა. გუსტავი, არისტოკრატი, უკმაყოფილების, და უხეშობის მიღმა ფარავს თავის გულიტკივილს... ცოლმაც უღალატა და გაცვალა „ქიმიკოს თუ ფლორისტ“ მეაფთიაქეში. ჩუმი, ნიჭიერი გმირი, რომელიც ფაშისტებს არ შეუშინდა და თავის თანამდებობაზე დარჩა... სამივე მსახიობი კარგად თამაშობს, ხოლო, სუხანოვის სამსახიობო ოსტატობა და პროფესიონალიზმი, აღსაფრთოვანებელია. 19 ოქტომბერს ნათამაშებ სპექტაკლში, მხოლოდ მან, როგორც ნამდვილმა არტისტმა, მოახერხა დარბაზში მსხდომთა რეაქციების გაძლება (ზოგჯერ უადგილოდ სიცილი) და მაყურებელზე არ „ითამაშა“. მხოლოდ, მან შეძლო, პერსონაჟის, შინაგანი თუ ფიზიკური, „ქმედითი“ ხაზის  ბოლომდე ერთგულება. პრესკონფერენციაზე ტუმინასმა შეკითხვაზე: არ გიჭირით, თქვენს მიერ დაარსებულ ლიტვურ თეატრსა და რუსულ, ვახტანგოვის თეატრში მუშაობის შეთავსება? ხუმრობით გვიპასუხა - არ მიჭირს, ვინაიდან მსახიობთან მუშაობა ყველგან ერთნაირად მიმდინარეობს. მსახიობი, რომელიც მოდის შენთან სამუშაოდ, შეიძლება მეწველ ძროხას შევადაროთ. თავიდან იგი გპირდება, რომ ყოველდღიურად (მუდმივად) 20 ლიტრ რძეს მოიწველის. თავიდან, მართლაც ასეა... შემდეგ, ნელ-ნელა წველადობა კლებულობს და... შეიძლება ბოლოს, მეწველი ძროხა, „ქორბუდა“ ირმად იქცეს... ალბათ, სუხანოვი ამაყ, „ქორბუდა ირმად“ ჯერ-ჯერობით არ გარდაქმნილა ...
სამივე გმირი ომმა გაანადგურა. სამივე მოწყალების სახლში გაამწესა, მეტრნახევრიანი მადლენის დიქტატის ქვეშ მოაქცია. მადლენი პიესისა და სპექტაკლის უხილავი პერსონაჟია. რეჟისორმა და მხტვარმა მისი, როგორც „საშიში დესპოტის“ ძალიან „სასაცილო“, გროტესკული ფიზიკური გამოხატულება შექმნეს. გადიდებული ფოტო-პორტრეტი, რომელიც ფინალისკენ ზევიდან დაეშვება სცენაზე.  ასეთი ხერხი ტუმინასმა სპექტაკლის მსვლელობისას სამჯერ, კულმინაციურ მომენტებში გამოიყენა: პერსონაჟთა მეგობრის, თანამოსახლის - მაიორ მერსიეს - დასაფლავებისას. მან ვეღარ გაუძლო მოწყალების სახლში ცხოვრებას, „მადლენის ტერორს“ და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  ფერნანის დის გარდაცვალების ამბის გამოაშკარევებისას და  გუსტავის მიერ შეთავაზებული „გაქცევის“ სტრატეგიული გეგმის შედგენისას. სამივეჯერ, გადიდებული პორტრეტებს, რეჟისორმა და მხატვარმა, სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვა მიანიჭეს, ამავდროულად სამივე  გროტესკულ-პაროდიული მეტაფორაა.
ამბობენ, ოცნება ბოლოს კვდებაო... სიბლეირასის პიესაში: გაქცევის, გათავისუფლების სიმბოლოა ალვების კენწეროებში მოშრიალე ქარი. გუსტავი აკვირდება ხოლმე ალვის ხეებს და ცდილობს მეგობრებსაც დაანახოს... საბოლოოდ ისინი სწორედ მათკენ გაფრინდებიან... სპექტაკლში, რეჟისორმა და მხატვარმა, ისევ გროტესკულ-პაროდიულად, კლოუნადის შემცველი ხერხებით გამოხატეს - ფერნანის, გუსტავისა და რენეს - ოცნება. ეს, სწორედ ის პატარა მწვანე ბუჩქებია, რომლიც ზევით, სცენოგრაფიაზე წერისას ვახსენე. ძაღლის გაქვავებული ფიგურაც პიესიდანაა. მაგრამ, ტუმინას-იაცოვსკისეული ჯაჭვის ყელსაბამიანი უზარმაზარი ძაღლის ფიგურა უფრო მითოსურ-იგავურია (ყველა ხალხისა თუ კულტურის ძველ მითში ფიგურირებს ძაღლი): მცველი, გადამყვანი, მეგობარი... ჯაჭვის ყელსაბამი კი, ალბათ, მიჯაჭვულობის მეტაფორაა, ამქვეყნად მიჯაჭვულობის...
საოცრად ლამაზი, მიმზიდველი და შინაარსობრივად მრავლისმთქმელია, ეკრანის გამოყენება და მასზე,  ერთი მესამედით, ასახული მთვარე. როგორც უკვე აღვნიშნე, თავიდან უკანა კედელზე წვრილი თეთრი ზოლია, მოვლენების განვითარებასთან ერთად, ეს ზოლი, თანდათან დიდება. პერსონაჟთა ოცნებების წუთებში ცისფერი შეფერილობისაა. ფინალში კი, „მეოთხე მეგობრის“ (ძაღლის საკულტო ფიგურის) თავაწეული ყმუილის ფონზე, მთელ სიგრძე-სიგანეზე გაზრდილ ეკრანი თეთრად ლივლივებს... პერსონაჟები მაყურებლისკენ ზურგით სხდებიან (ამ ხერხსაც რამდენჯრმე იმეორებს რეჟისორი) და თეთრ უსასრულობაში უჩინარდებიან...
19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ტუმინასმა ბრძანა - ხელოვნება ღმერთებთან საუბარია... მე კი, მის სიტყვებს დავუმატებდი: რიტუალიდან, „თამაშებრი ქცევიდან“ დაბადებული თეატრი ღმერთებთან თამაშია... ტუმინასი - ღვთისგან ბოძებული ნიჭით დაჯილდოებული სათეატრო რეჟისორია...
„ქარი ალვებში შრიალებს“: დეტალებით, მეტაფორა-სიმბოლოებით,  ნატიფი რეჟისურით გაკეთებული,  აბსოლუტურად საავტორო სპექტაკლია.



Comments