ერლომ ახვლედიანის „ვანოსა და ნიკოს“ სტურუასეული ფეერია


@ მაკა ვასაძე
თუ სხვა შენზე უკეთ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს გააკეთო და ამას აღიარებ, შენს თავზე ერთი გამარჯვება ესაა!
შენი უპირატესობა ისიც შეიძლება იყოს, რომ შენ აღიარებ მის უპირატესობას.
ნუ დაისახავ მიზნად იყო ორიგინალური, რადგან ამ სურვილზე არაორიგინალური არაფერია.
ერლომ ახვლედიანი


რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრში განხორციელებულ კიდევ ერთ სულის ამაფორიაქებელ, ათასი ფიქრის აღმძვრელ, უახლესი სათეატრო ენით, უშრეტი ფანტაზიით დადგმულ სპექტაკლზე მოსაზრებების გაზიარება „ვანოს და ნიკოს“ ავტორმა _ ერლომ  ახვლედიანმა „მიკარნახა“.
გასაოცარი ზნე გვჭირს ქართველებს, არ გვიყვარს კარგის დანახვა და აღიარება, მითუმეტეს თუ კარგი ჩვენმა, ქართველმა შექმნა. ვიბოღმებით და ვბოროტდებით, ვიწყებთ უაზროდ „ყეფას“. ერლომ ახვლედიანის მოყვანილი სიტყვები ვისაც ეხება თავად მიხვდება. მათთან კამათში დროს არ დავკარგავ. მხოლოდ ერთს შეგახსენებთ, XX საუკუნის  მსოფლიოს საუკეთესოდ აღიარებულ 100 სპექტაკლს შორის რობერტ სტურუას „კავკასიურ ცარცის წრესა“ და „რიჩარდ მესამეზეც“, „ორიგინალურად“ მოაზროვნე ქართველები ილანძღებოდნენ, სანამ სპექტაკლები საზღვარგარეთ არ გავიდა და სწორედ იქ, არ მოიპოვა უდიდესი წარმატება. მერე იცოცხლე, ჩვენც ვაღიარეთ, დუჟმორეული გამკრიტიკებელ-განმაქიაქებელნი კი, რობერტ სტურუას და მისი სათეატრო ენის მეხოტბეებად გარდაისახნენ.
„ვანოსა და ნიკოს“ ავტორს, ნიჭიერ მწერალს, სცენარისტს, უაღრესად თავმდაბალ, უბოროტო, კეთილშობილ, სიყვარულით აღსავსე, განსაკუთრებით ახალგაზრდების მოყვარულ და მათზე მოამაგე, ჭეშმარიტ ადამიანს საბედნიეროდ პირადად ვიცნობდი. ერლომ ახვლედიანის ყოველი გახსენებისას სულში სითბო გეღვრება და გული სიყვარულით გევსება, ვინაიდან თავად იყო არაჩვეულებრივად თბილი და მოსიყვარულე. მასთან ყოველი შეხვედრა პოზიტიურ განწყობას გიქმნიდა, ყოველთვის ღიმილით გხვდებოდა, თბილად მოგიკითხავდა. ამ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან ბევრის მომცემი იყო.    
ერთ ღერძზე აგებული, ორი პერსონაჟის გარშემო გამთლიანებული, პატარ-პატარა მოთხრობა-ჩანახატები  იგავების ასოციაციას აღძრავს მკითხველში. არსებობენ მწერლები და მათი  შექმნილი ნაწარმოებები, რომელთაც ვერცერთ დღემდე არსებულ მიმართულებას ვერ მიაკუთვნებ. ძნელია „ვანოს და ნიკოს“ ჟანრის განსაზღვრაც. ადამიანის შინაგანი სამყარო, ადამიანთა შორის თუ ადამიანის გარე სამყაროსთან, ბუნებასთან ურთიერთობა, ცხოვრების არსის, რაობის კვლევა, სიყვარული, მეგობრობა, ღალატი, დათმენა, დათმობა, ქიშპობა, დაპირისპირება, თავმდაბლობა, ამპარტავნება, მომხვეჭელობა, სიკეთე, ბოროტება და სხვ., მოკლედ ყველა ის პრობლემა, განცდა, გრძნობა თუ ფიქრი, რომელიც საუკუნეებია ადამიანთა მოდგმას აწუხებს მწერალმა მცირე ფორმატის დიდ ნაწარმოებში ასახა. სიურეალისტური, რეალობისა და ირეალობის, ცხადისა და ზმანების ზღვარზე არსებული თანამედროვე ზღაპარ-თქმულებიდან რობერტ სტურუამ ფეერიული სპექტაკლი-აბსურდი შექმნა.
რობერტ სტურუამ ერლომ ახვლედიანის ნაწარმოები აბსურდის ჟანრის პიესად აქცია. თხრობით გადმოცემული ამბავი დიალოგებად გარდაქმნა, სიტუაციები, მოვლენები ქმედითი გახადა. მოთხრობიდან სპექტაკლში თითქმის ყველა პერსონაჟი გადმოიტანა, ზოგს უფრო მეტი დატვირთვა მისცა, ნაწარმოებიდან გამომდინარე ახალიც შექმნა, ზოგს ხასიათის თვისებები გაუმძაფრა ან, პირიქით შეურბილა და გააცოცხლა სცენაზე. სპექტაკლზე მუშაობის დაწყებამდე რობერტ სტურუა უპირველესად ტექსტის მონტაჟს აკეთებს, არა აქვს მნიშვნელობა პიესას დგამს თუ პროზაულ ნაწარმოებს ასცენიურებს. ამ შემთხვევაშიც, ერლომ ახვლედიანის მოთხრობილი ამბებიდან, რეჟისორმა უმეტესი ნაწილი გამოიყენა, ტექსტი დაამონტაჟა, თანმიმდევრობა შეცვალა. რაც მთავარია, მონტაჟის დროს მწერლის თხრობის სტილი შეინარჩუნა. მოთხრობასა და სპექტაკლშიც მოვლენების განვითარება დასათაურებულია. რეჟისორმა სათაურების მისეული ინტერპრეტირება გააკეთა და კონცეფციის, სათქმელის გასამძაფრებლად, რა თქმა უნდა, საკუთარი ტექსტიც ჩაამატა.
სპექტაკლი რობერტ სტურუას სათეატრო ენისათვის დამახასიათებელი ერთ მთლიანობაში შეკრული ეკლექტიზმითაა აღსავსე. შინაარსობრივად დატვირთული, დახვეწილი გემოვნებით შექმნილი სანახაობითი მხარე - მირონ შველიძის სცენოგრაფია, ანა ნინუას კოსტიუმები, განათება - გარდა იმისა, რომ ულამაზესია, სპექტაკლის კონცეფციას კიდევ უფრო ამძაფრებს.  მირონ შველიძის მხატვრობისთვის დამახასიათებელი კოლაჟური ტიპის დეკორაცია - ამონარიდიები ბრეიგელიდან, ძველი საფოსტო მარკებიდან, აფიშებიდან, სპექტაკლის რეკვიზიტად გამოყენებული ძველი თუ თანამედროვე ნივთები, ძველი საბეჭდი მანქანა, შავნაჭერგადაფარებული სამფეხა ხის შტატივზე მდგარი ფოტოაპარატი, სავარძელი, დიდი ფრინველის, დაცემული ანგელოზის, თუ იმქვეყნიურ სამყაროში გადამყვანი, მომცრო ზომის თეთრი ფრთები, განწყობიდან გამომდინარე, განათების მეშვეობით სხვადასხვაფრად შეფერილი მზე,  ექსპრესიონისტული თეატრისთვის დამახასიათებელი კიბეები, მარიონეტები, უკანა ფონის პოსტერიდან ავანსცენაზე გადმოსული სათამაშო წითელი ორთქმავლიანი მატარებელი და იქვე დაწყობილი სასმელების ბოთლები, ორმოდან ამოსული გარდაცვლილი დედის ხელი და სხვ., მიზანმიმართულად ქმედითია და სარეჟისორო მეტაფორა-სიმბოლოებს, მინიშნებებს ნათლად გამოხატავს. გარდა ამისა რობერტ სტურუას შემოქმედებისათვის დამახასიათებელ სევდას, ირონიულობასა თუ გროტესკს კიდევ უფრო ამძაფრებს.
რობერტ სტურუა უაღრესად განათლებული და მრავალმხრივ ნიჭიერი შემოქმედია. ალბათ ამიტომაცაა, რომ დღემდე გაოცებს მისი სარეჟისორო ფანტაზია-აზროვნება. თითოეულ ეპიზოდსა თუ სცენაში, დეტალებით, ნიუნასებით აკეთებს მინიშნებებს პირდაპირს თუ შეფარულს. სხვასთან ერთად, სპექტაკლების განათების დიდოსტატია. „ვანოსა და ნიკოს“ განათება ცალკე აღებული გასაოცარი ხელოვნებაა. განათების მეშვეობით მაყურებელს განწყობა ექმნება. კონკრეტულად ამ სპექტაკლში დაუვიწყარია განათებით შექმნილი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის კიდობანი, ამბის, პერსონაჟის განწყობიდან გამომდინარე სხვადასხვაფრად შეფერილი ამომავალი, თუ ჩამავალი მზე; გაბოროტებული, „ყოვლისშემძლე“ ნიკოს მონოლოგისას მისი სილუეტის გამწვანება და ა. შ.
რობერტ სტურუას სპექტაკლებში მუსიკას  ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს მინიჭებული. ამა თუ იმ ეპიზოდის, სცენის თანმდევი მუსიკა ცხოვრების ირონიულ-გროტესკული ხედვის გამომხატველია. სპექტაკლისათვის შერჩეული მუსიკალური რიგი ისეთივე მრავალისმეტყველი და გამომსახველია, როგორც მხატვრობა. ზოგიერთ ეპიზოდს ერთმანეთზე დადებული განსხვავებული სტილის მუსიკა მისდევს. გია ყანჩელის და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური ნაწარმოებების გარდა, რობერტ სტურუამ და ია საკანდელიძემ სპექტაკლში განსხვავებული ჟანრისა და მიმართულების  მუსიკა გამოიყენეს: ბეთჰოვენის, შოპენის, მესიანის, ჩაპლინის. განწყობის შექმნასთან ერთად მუსიკალური ფრაზები, ნაწყვეტები პერსონაჟათა ხასიათების, შინაგანი ბუნების თუ პლასტიკის გამომხატველია, მოვლენათა ქმედითი რიგის, მთლიანად სპექტაკლის რიტმის შემქმნელია.
რობერტ სტურუა პოსტპოსტმოდერნი ხელოვანია, არ უარყოფს წარსულში შექმნილს და ოსტატურად აზავებს ტრადიციულ გამოცდილ ფორმებს უახლეს სათეატრო, თავისივე შექმნილ, თუ არსებულ ხერხებთან. მას გასაოცარი უნარი აქვს შორიდან, განზე გამდგარმა შეაფასოს მოვლენები და რაც მთავარია საკუთარი ხედვა მაყურებელს გადასცეს. რეჟისორის თხრობის სტილი გასაგებია, როგორც მოზრდილი, ასევე მოზარდი მაყურებლისთვისაც. ბავშვები, ყმაწვილები, ჯერ კიდევ შეურყვნელი ბუნებიდან, აზროვნებიდან გამომდინარე, მგონი უფრო კარგად აღიქვამენ და იღებენ, ვიდრე გაბოროტებული, „განიკოვებული“ დიდები. ირონიულ - გროტესკული დამოკიდებულება, ხედვა აქვს არა მარტო სპექტაკლებში განვითარებულ ამბებზე, არამედ საკუთარი პიროვნების მიმართაც.
 სტურუას დადგმებში კინოხერხების, ხელოვნების სხვადასხვა დარგებიდან ციტირებების, კარნავალურობის, გარდა, შოუს ელემენტებიც არსებობს. ზემოთ აღვნიშნე, რომ ერლომ ახვლედიანის მოთხრობა, პატარ-პატარა ამბებადაა გადმოცემული, მწერალმა თითოეული დაასათაურა: „ერთხელ“, „ყველაფერი რიგზე იქნებოდა“, „ვანო და ნიკო და სიცილი“, „ვანო და ნიკო და ასანთი“, „ვანო და ნიკო და ვალი“, „ბრიყვი ვანო და ჭკვიანი ნიკო“, „ბევრს ნუ ისურვებ ნიკო!“, „ვანო ნიკოს სიზმარში“ და ა. შ. რობერტ სტურუამ ზოგი სათაური უცვლელად გადმოიტანა, ზოგიც  შეცვალა. სარეჟისორო ინტერპრეტაციიდან გამომდინარე, ვანოს და ნიკოს ამბის გადმოცემისას, აქცენტები გადაადგილა და მისეული სათაურები სცენის სიღრმეში დაკიდებულ ფირნიშზე ნეონებით განათებულ მორბენალ სტრიქონებად გამოსახა: „შესავალი“, „ერთხელ“, „კბილის ამოღება“, „ნოტარიუსთან“, „სიზმარი“ „დედა“, „პირველი სიყვარული“, „ამაოება“, „ასანთი თუ მეორე სიყვარული?“, „ვანო და სიყვარული და ასანთი“, „მეგობრობის მსხვერპლი“, „ფრინველი ვანო“, „ნადირობის შემდეგ“ „Show must go on“, „სახრჩობელაზე“,  „დასასრული - The End“...
ნაწარმოებში თქმულება-ზღაპარს მთხრობელი ყვება, რობერტ სტურუამ სპექტაკლში დავით დარჩიას პერონაჟს უცნობი უწოდა. უცნობი - ამბის გადმოცემის, მოვლენათა რიგის განვითარების, რეჟისორის სათქმელის გახსნილად, პირდაპირ გადმომცემი - სპექტაკლის „დირიჟორი“, მთავარი შემკვრელი ღერძია. დავით დარჩიას პერსონაჟი სხვადასხვა ასოციაციას აღძრავს მაყურებელში. კეთილი მეზღაპრე, ცხოვრებისგან დაღლილი, უძილობაშეყრილი, სასმელს მიძალებული, მაგრამ ჯერ კიდევ მეოცნებე გმირი - რეჟისორის პროტოტიპადაც შეიძლება აღვიქვათ. სწორედ უცნობი იწყებს ამბის თხრობას და მეზღაპრე-მეთოჯინესავით ვანოს და ნიკოს მარიონეტებს აცოცხლებს სცენაზე. მსახიობი ზუსტად გრძნობს და გადმოსცემს თავისი გმირის შინაგან ბუნებას. მისი მეტყველება, პლასტიკა, ჟესტიკულაცია მსახიობის პერსონაჟისადმი დამოკიდებულებასაც ასახავს. დარჩიას მეზღაპრე-გმირი კეთილი, მოსიყვარულე, სევდიანი, რაღაც მომენტში ტრაგიკული, იუმორის გრძნობით, საკუთარი თავისადმი ირონიული დამოკიდებულების მქონე ადამიანია. ნინო არსენიშვილს რეჟისორმა სამი სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა ბუნების ქალის ტიპაჟი შეაქმნევინა, პროგრამაში კი განზოგადებულად მიუთითა - ქალი. ძნელია ალბათ, საათნახევრიან სპექტაკლში სამი განსხვავებული სახე-ხასიათის თამაში. 
ნინო არსენიშვილის პირველი ქალი - ასაკშეპარული ლამაზი, კეთილი ფერია-ბალერინაა. ყველა ლამაზი ქალივით კეკლუცი, მეზღაპრე-მთხრობელის დამხმარედაც შეიძლება აღვიქვათ. მათ შორის მსუბუქ ფლირტს რეჟისორმა რომანტიკულობის ელფერი შესძინა. მეორე ქალი - ვანოს პირველი სიყვარული - ლამაზი, კეკლუცი,  ნივთების მოყვარული მეწვრილმანე უსულგულო ფუტლიარია, თავისივე მსგავსი, თეთრი ფითქინა დავარცხნილი ძაღლის პატრონი; მესამე ქალი - ვანოს მეორე სიყვარული - ჩაპლინისეული პერსონაჟია. უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორის მიცემულ ამოცანას მსახიობმა ოსტატურად გაართვა თავი და დამახასიათებელი, განსხვავებული პლასტიკის, ჟესტიკულაციის, მიმიკის მეტყველების მქონე დაუვიწყარი ტიპაჟები შექმნა.
რობერტ სტურუამ ამ სპექტაკლში კიდევ ერთხელ გააცამტვერა ქართული სათეატრო კრიტიკის (ყველას არ ვგულისხმობ) მიერ შექმნილი მითი: - სტურუა მსახიობებთან არ მუშაობს და მზა არტისტები სჭირდება. აქ არ დავიწყებ იმ მსახიობთა ჩამოთვლას ვისგანაც მაესტრომ კარგი არტისტები შექმნა (თუმცა ზოგმა არ დაუფასა). 
რობერტ სტურუამ მთავარია ნიჭის ნაპერწკალი დაინახოს, მერე რუდუნებით ძერწავს და უმეტეს შემთხვევაში საუკეთესო ქმნილება გამოსდის. ორი ახალგაზრდას, ახალბედას - მიხეილ (მიშო) არჩვაძის - ვანო და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის - ნიკო რობერტ სტურუას მსახიობთან მუშაობის საუკეთესო მაგალითები არიან. კეთილი ადამიანი - ვანოს სახე რეჟისორმა მიხეილ არჩვაძესთან, ხოლო ბოროტი, ან, ცხოვრებისგან გაბოროტებული ნიკო - სანდრო მიკუჩაძე-ღაღანისძესთან ერთად შექმნა. მიხეილ არჩვაძის ვანო მარიონეტიდან სცენაზე გაცოცხლებისთანავე, თეთრ პერანგში შემოსილი (ასოციაციურად ქრისტეს ხატება გიდგება თვალწინ), კეთილშობილებას ასხივებს. მსახიობის პლასტიკაში სიმსუბუქე და ჰაეროვნება დიდ შინაგან მუხტთან, ემოციასთანაა შერწყმული. მიხეილ არჩვაძის სამსახიობო, შინაგანი მუხტი ავსებს არა მარტო სცენურ სივრცეს, არამედ დარბაზში მაყურებელსაც გადაეცემა. მსახიობი იმდენად კარგად ფლობს საკუთარ სხეულს, იმდენად მოქნილია, რომ „ფრინველი ვანოს“ ეპიზოდში, როდესაც ნიკო ვანოს ფრინველად აღიქვამს და მასზე ნადირობს, ვანოს ეჭვი შეეპარება, მართლა ფრინველი ხომ არ ვარო (მოთხრობაში ეს მომენტი უფრო ხაზგასმულია, რეჟისორმა სპექტაკლში განწყობა შექმნა), რაღაც მომენტში მაყურებელს გექმნება შთაბეჭდილება, რომ ვანო მართლა აფრინდება. რეჟისორის ინტერპრეტაციით ახვლედიანისეული ვანო ჩაპლინის პერსონაჟთა პროტოტიპად გარდაისახა - კეთილი, მიამიტი, დაბნეული, რომანტიკული, დიდი გულის ადამიანი. სპექტაკლში, სხვასთან ერთად, მრავლადაა გამოყენებული ექსპრესიონისტული და ბრეხტის ეპიკური თეატრის ხერხები, მათ შორის მსახიობთა შესრულების მანერაშიც. საკუთარი პერსონაჟისადმი დამოკიდებულების გამოხატვა, მაყურებლისადმი მიმართვა, მაყურებლის უშალოდ ჩართვა ქმედებაში, მასთან დიალოგის გამართვა.
ნიკოს პერსონაჟსაც მარიონეტიდან აცოცხლებს უცნობი მეზღაპრე. რეჟისორმა ნიკოს ბოროტი ბუნება ფიზიკურადაც გამოხატა. სცენაზე გაცოცხლებული  სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის ნიკო კოჭლობს, ხელიც დაზიანებული აქვს. იგი სწორდება გახსენება-ზმანებაში. მიკუჩაძე-ღაღანიძის ნიკო შეუმდგარი პიროვნებაა, შურიანი, გულღრძო, გაბოროტებული. მას არ შეუძლია ვანოსნაირი მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე...
კოტე ფურცელაძის შექმნილი ქორეოგრაფიული ნახაზი, მსახიობებს პერსონაჟთა ხასიათის თვისებების წარმოჩენაში ეხმარება. ნინო არსენიშვილის სამივე ქალს განსხვავებული, დამახასიათებელი პლასტიკა აქვს. თანაწამყვან ფერიას - ბალერინის სიმსუბუქე, ვანოს პირველ სიყვარულს - პოდიუმზე მოსიარულე მოდელის მანერები, ვანოს მეორე სიყვარულს კი ჩაპლინისეული ბრმა გოგონას პლასტიკა. დავით დარჩიას უცნობი მეზღაპრის ძუნწი, თავშეკავებული მოძრაობები ბრიტანელი „დენდის“ ასოციაციას აღძრავს. მიხეილ არჩვაძის და სანდრო მიკუჩაძე ღაღანიძის პერსონაჟთა პლასტიკაზე უკვე მოგახსენეთ.   
რობერტ სტურუას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია კინოხერხების გამოყენება. ამ შემთხვევაში, ხერხებთან ერთად, საათნახევრიან პოლისტილისტურ სპექტაკლში, ციტირებებითა თუ მინიშნებებით ვგონებ კინოს ისტორიაში არსებული თითქმის ყველა ჟანრი წარმოაჩინა: უხმო კინოდან დაწყებული უახლესი თანამედროვეთი დამთავრებული. რეჟისორმა სპექტაკლის იმგვარი სტრუქტურა შექმნა, რომელიც მაყურებელში უამრავ ასოციაციას აღძრავს, მათ შორის კინოპერსონაჟები წამოგიტივტივდებიან მეხსიერებაში. დასაწყისში აღვნიშნე, რომ სტურუამ ახვლედიანის ნაწარმოებიდან ფეერიული აბსურდი შექმნა, რომელიც ჩემში კარლო გოცისეული ფიაბის ასოციაციასაც აღძრავს. ექსპრესიონისტული თეატრის ხერხებიც ვახსენე. ფინალში სტურუა პირდაპირ იყენებს ერნსტ ტოლერის პიესის სათაურს - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“. დავით დარჩიას პერსონაჟი, უსამართლო, დაუნდობელი სამყაროთი ცხოვრებაგაბეზრებული - უცნობი-მეზღაპრე, ყულფში გაჰყოფს თავს და თვითმკვლელობით აპირებს სიცოცხლის დასრულებას, დამხმარე ფერია და ვანო გადააფიქრებინებენ. უცნობი ყულფს იხსნის კისრიდან, მოისვრის და სცენიდან გასვლისას დაიყვირებს - ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ.  ჰორორის ჟანრის ფილმებიდან ციტირება აქვს გამოყენებული რეჟისორს, ვანოს პირველი სიყვარულისადმი ხელის თხოვნის სცენაში, როდესაც ორმოდან გარდაცვლილი დედის წითელხელთათმანიანი ხელი ამოდის, თითზე ბეჭდით. ვანო ბეჭედს აძრობს თითიდან, მერე დედა საყვარელ, მზრუნველ შვილს (მოხუც დედას კეთილი ვანო რუდუნებით უვლიდა) თავზე ეფერება. ირონიულ-გროტესკულად გაშარჟებული ჰორორის ჟანრის ეპიზოდი მაყურებელში სიცილს იწვევს. რეჟისორმა სპექტაკლში განვითარებული ამბის თვალ-ყურის მადევნებლები მანეკენ-ფიტულები განათავსა სასცენო სივრცის სხვადასხვა ადგილას. ისინი ჩვენ საზოგადოებაში არსებული ყველაფრისადმი გულგრილი, გაჩუმებულ-დადუმებულ ადამიანებთან ასოცირდებიან. აქვე, ცოცხალი დამსწრეც შემოიყვანა, რაღაც მომენტში თეა მარგველაშვილი (რეჟისორის ასისტენტი), სამოქმედო მოედნის მიღმა უჩუმრად ჩაივლის.
სპექტაკლში უამრავი მეტაფორა-სიმბოლო, მინიშნებები აქვს რეჟისორს გამოყენებული. ყველას გაშიფვრა შორს წაგვიყვანს. ერთ-ერთმა ახალგაზრდა თეატრმცოდნემ ასეთი შეფასებაც კი გააკეთა  - ინტელექტუალური სპექტაკლი. ყოველ მაყურებელს თავისებური აღქმა აქვს. ამის საშუალებას რეჟისორი იძლევა.
სპექტაკლს კეთილი დასასრული აქვს. ერლომ ახვლედიანის პატარ-პატარა ამბებით, თქმულებებით აგებული მოთხრობა - „ვანო და ნიკო და ნიკო და ვანო“-თი - მთავრდება. „ადრე ნიკო ვანო იყო, ხოლო ვანო - ნიკო. მერე ნიკო ვანო გახდა, ხოლო ვანო - ნიკო. ბოლოს ორივე გავანოვდა. ეს ასე მოხდა:“. ნაწარმოებში და სპექტაკლშიც - ნიკოს აწუხებს, აღარ მოსწონს, რომ ბოროტია. მას გავანოება სურს. ვანოს ყელში ამოუვიდა კეთილის ქმნა, რომლის გამოც მუდამ დაჩაგრულია და განიკოვება მოუნდა. რობერტ სტურუამ როლების შეცვლამდე ორივე პერსონაჟს ძალაუფლების მწვერვალებიდან „ამა სოფლის სიამენი“ დაანახა. 
სცენაზე სხვადასხვა ზომის კიბეებს შემოიტანენ. მომცრო ზომის კიბიდან ვანოს ცხოვრება ლამაზად და მშვენიერად წარმოესახება. ისინი, რიგრიგობით უფრო მაღალი კიბის მწვერვალზე ადიან. თანდათანობით ვანოც და ნიკოც უდიდესი ძალაუფლების მფლობელები აღმოჩნდებიან. ვანოს საშინლად არ მოსწონს, ნიკო კი კმაყოფილია. ამას მოსდვს ნიკოს გავანოება და ვანოს განიკოება. ნიკო ვანოს ვანოობას სთხოვს. თავიდან ვანო შეცბება, მაგრამ მერე თანხმდება, აბა, რა უნდა ქნას, ნიკო ხომ მისი მეგობარია. თანაც გაანალიზებს, რომ ვანოობა ძალიან მობეზრდა და ახლა ყოვლისშემძლე ნიკოობა სურს. გაკეთილებული ნიკო-ვანო რეჟისორმა სცენაზე თეთრი პერანგით შემოიყვანა. ვანოს მარიონეტიდან გაცოცხლებისას რომ ემოსა. იგი ნეტარია. ვანო თავიდან დიდი ენთუზიაზმით შეუდგება ნიკოობას, მაგრამ მალევე ხვდება, რომ აღარ სურს ბოროტი საქმეების კეთება, სხვებისთვის ცუდის კეთება. თანაც სულის სიღრმეში იგი მაინც ვანოდ რჩება. ვანო ნიკოს ისევ ვანოობას სთხოვს. არც ერთს არ უნდა ნიკოობა, ორივეს ვანოობა სურს. მოთხრობში ფინალში ნიკო სთავაზობს განიკოვებულ ვანოს ისევ გავანოვდეს. განა არ შეიძლება ორი ვანო იყოსო - „ბოლოს ორივენი გავანოვდნენ“. რობერტ სტურუას სპექტაკლში, ორ გმირს შორის სცენაზე ცხარე კამათი გაიმართება და ნიკო ვანოს კლავს... ეს ცხოვრებისეული სამწუხარო რეალობაა... ჩვენთან თუ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში კეთილი ვანოების ადგილი არ არის. კეთილი ვანოები იღუპებიან. მაგრამ, სიზმრისა და ცხადის, რეალობისა და ირეალობის ზღვარზე გადაწყვეტილ სპექტაკლში განვითარებულ ამბავს, რობერტ სტურუა ამერიკული კინოსთვის დამახასიათებელი „Happy end“-ით ამთავრებს. ნინო არსენიშვილის დამხმარე-ფერია ანგელოსის თეთრი ფრთებით გამოფარფატდება სცენაზე, ვანოსაც და ნიკოსაც ფრთებს უკეთებს, ამშვიდებს და ორთავეს ვანოობას სთავაზობს. ასე გადაჰყავს ისინი ამქვეყნიური სამყაროდან ირეალურ, მიღმისეულში. ნეონებით განათებულ ფირნიშზე კი ჯერ ქართულად, შემდეგ კი ინგლისურად წარწერა ჩნდება: „დასასრული“, „The End“.  საბოლოო ფინალურ აკორდშიც სტურუასეული ირონია ამოვიკითხე. ჩვენ ბედკრულ ქვეყანაში ოციოდე წლის წინ, ქართულთან ერთად რუსული ენა დომინირებდა, ახალა კი ინგლისური. ასოციაციურად ილიას სიტყვები გამახსენდა: „რა გითხრათ, რით გაგახაროთ.“





Comments

  1. ყოჩაღ, ძალიან კარგი ნაწერია. გაბედული და პროფესიონალურად გამართული!

    ReplyDelete

Post a Comment