მონსტრებად ქცეულ ადამიანთა გაუსაძლისი ყოფიერება

 

მაისის თვეში განახლებულ, რესტავრირებულ შენობაში ოზურგეთის სახელმწიფო თეატრმა გახსნა სეზონი. თავიდანვე ვიტყვი, რომ დღეს ოზურგეთის თეატრი - შენობით, დარბაზებით, სარეპეტიციობით, კულისებით თუ ტექნიკური აღჭურვილობით ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბითაც.მაისის თვეში განახლებულ, რესტავრირებულ შენობაში ოზურგეთის სახელმწიფო თეატრმა გახსნა სეზონი. თავიდანვე ვიტყვი, რომ დღეს ოზურგეთის თეატრი - შენობით, დარბაზებით, სარეპეტიციობით, კულისებით თუ ტექნიკური აღჭურვილობით ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბითაც.

მცირე სცენა მანანა დოიაშვილის პიესის მიხედვით, მიწვეული რეჟისორის ვანო ხუციშვილის მიერ დადგმული „სამს პლუს სამით“ გაიხსნა. რა არის მიზეზი უახლოეს ადამიანთა შორის გაბატონებული გაუცხოების, უსიყვარულობის? რატომ არის,  რომ დედა შვილს, და დას, ცოლი ქმარს, ქმარი ცოლს სათანადო სიყვარულით კი არ ეპყრობა, არამედ ძალადობს და ატყუებს? სწორედ ეს პრობლემებია დასმული სპექტაკლში და ნაჩვენები თუ რა ტრაგიკული მოვლენები შეიძლება მოჰყვეს ამგვარ ურთიერთობებს. ამ წარმოდგენას ფსიქოლოგიური ტრილერი შეიძლება ვუწოდოთ. ვანო ხუციშვილის მიერ გადმოცემული ამბავი, ყოველგვარი რეჟისორული „ტრიუკების“ გარეშე, ისეთ ტემპო-რიტმში მიმდინარეობს, რომ მაყურებელს ერთი წუთით მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მანანა დოიაშვილის მიერ 90-იანი წლების ბოლოს დაწერილ პიესაში წამოჭრილი პრობლემები დღესაც ძალიან აქტუალურია.

თეო კუხიანიძის სცენოგრაფია ისეა გადაწყვეტილი, რომ მაყურებელი ამ ამბის უშუალო მონაწილე ხდება. მოგრძო ფორმის ფიცარნაგის სამივე მხრიდან ზის მაყურებელი. დეკორაცია მინიმალისტურია, გამჭვირვალე ფარდებითა და განათებით ქმედების ადგილის ცვლილება ხდება. მსახიობ თამარ მდინარაძის ბაუკი (ბაკო) საშუალო ასაკს გადაცილებული ქალია, რომელმაც მთელი ახალგაზრდობა ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულმა გაატარა. მშობიარობის შემდეგ წელსქვევით მოწყვეტილი ქალი ტრავმამ ერთგვარ „მონსტრად“ აქცია. თამარ მდინარაძის ბაუკი წარსულით ცხოვრობს. ცხოვრობს იმ დროზე ოცნებით, როდესაც იგი ლამაზი, მიმზიდველი ახალგაზრდა ქალი იყო. ჰყავდა უსაყვარლესი მეუღლე, რომელმაც დაინვალიდების შემდეგ მიატოვა.  თავისი უბედურების მიზეზად საკუთარ შვილს მიიჩნევს. მსახიობი ზუსტად გადმოსცემს თავისი გმირის შინაგან განცდებსა და  შვილის მიმართ ორმაგ გრძნობას, მას ერთდროულად ეზიზღება და უყვარს  შვილი. ციცი ბუცხრიკიძის ჩეტი მსხვერპლია, რომელიც თავისდაუნებურად დედის ავადმყოფობის და გაუბედურების მიზეზად ქცეულა.

 ვანო ხუციშვილის სპექტაკლში მოქმედი პერსონაჟები ერთდროულად ერთმანეთის „ჯალათები“ და „მსხვერპლები“ არიან: დედა შვილის, შვილი დედის, და დის, ცოლი ქმრის, ქმარი ცოლის, შეყვარებული შეყვარებულის. ამგვარ არანორმალურ ურთიერთობათა უმთავრესი მიზეზი კი, ჩემ აზრით ეგოიზმია. თუმცა, თითოეულ მათგანს თითქოს გამამართლებელი მიზეზებიც აქვთ საკუთარი ქმედებისა და ქცევისთვის.

ბაუკისათვის ჩეტი  ერთდროულად მისი ცხოვრების დანგრევის მიზეზია და იმავდროულად, საოცარი მსგავსების, გამო მისი ბედნიერი დღეების მოგონებათა სიმბოლოა. იგი გამუდმებით ითხოვს შვილისგან თმა ისე დაივარცხნოს, როგორც მას ჰქონდა ახალგაზრდობაში, ის კაბა ჩაიცვას, რომელიც მას ეცვა და ძალიან უხდებოდა, გამუდმებით აიძულებს რომ მისი ცხოვრებით იცხოვროს. უფრო მეტიც, როდესაც 25 წლის შემდეგ ქმრისგან ბარათს მიიღებს, გვეძის მოსვლისთვის ჩეტის აიძულებს მამას დახვდეს, როგორც ბაუკი. შვილისთვის „მონსტრად“ ქცეული ბაუკი, ჩეტისგან ითხოვს მისი ცხოვრებით იცხოვროს, რადგან ეს ცხოვრება სწორედ მან, ჩეტიმ წაართვა. ამავდროულად, თამარ მდინარაძის ბაუკის თავისებურად უყვარს შვილი.

შორენა გვეტძის ჯოჯი ერთი შეხვედით მზრუნველი დაა. წლების განმავლობაში დილადან-საღამომდე უვლის ინვალიდ დას, სინამდვილეში კი ქმარი წაართვა. ჯოჯი თავს იმართლებს იმით, რომ მას უფრო ადრე, 9 წლის ასაკიდან უყვარდა გვეძი. ქმედების განვითარებასთან ერთად, ნელ-ნელ ირკვევა, რომ ჯოჯის პრინციპში მთელი ცხოვრება შურდა საკუთარი დის. ბაუკი უფრო ლამაზი იყო, უფრო მეტი თაყვანისმცემლები ჰყავდა, ჯოჯი კი მის ჩრდილქვეშ შეუმჩნეველი იყო. შორენა გვეტაძის ჯოჯი მუდმივად თავს იმართლებს და ცდილობს საკუთარი საქციელის გამართლებას, დის, ქმრის, დისშვილის წინაშე. მსახიობი კარგად გადმოსცემს ორმაგ გრძნობას დის მიმართ, შურს და სიყვარულს.

უცნაური ელფერი დასდევს ნიკა ძნელაძის დორესა და ჩეტის ურთიერთობას. დორე მთელი ცხოვრება ბავშვობაში გარდაცვლილი მეგობრის ჩესას ანალოგს ეძებს. პიესაშიც და სპექტაკლშიც მინიშნებებით დორესა და ჩესას ურთიერთობა მეგობრობაზე უფრო მეტია. დორე ისე აღწერს ჩესას, რომ მკითხველსაც და მაყურებელსაც უჩნდება აზრი, რომ მათ შორის არსებობდა სიყვარულის გრძნობა, რომელიც ვერ განვითარდა. დორე იხსენებს და ჩეტის უყვება ჩესას წითელ ტუჩებზე, მის სურნელზე. მან შესაბამისი სუნამოც კი გამოიგონა და ჩეტის აჩუქა. მას სურს, რომ ჩეტისაც იგივე სურნელი ჰქონდეს. აქაც ორმაგ გრძნობასთან გვაქვს საქმე. ჩემი აზრით, დორეს ჩეტიში სწორედ ის გარდაცვლილი მეგობარი უყვარს და არა თავად ჩეტი. ნიკა ძნელაძის დორე ძალიან მგძნობიარე ადამიანია, ეს კარგად ჩანს ბაუკისთან სცენაში, როდესაც ბაუკი და დორე მარტოები რჩებიან. ბაუკი მოგონებებში იძირება და დორეს გვეძად აღიქვამს. დორეც აუბამს მხარს და ყველაფერს აკეთებს რომ ბაუკის გაუცოცხლოს მოგონებები. ამ ეპიზოდში მსახიობმა ოსტატურად გადმოსცა დორეს ფაქიზი და მეოცნებე ბუნება. თუმცა ფინალისკენ ირკვევა, რომ ერთგვარი „მონსტრი“ დორეშიც ბუდობს.


ვახტანგ ჩხარტიშვილის გვეძი ტიპური მამაკაცია, რომელიც ცდილობს პრობლემებს გაექცეს. ინვალიდი ცოლის გვერდით ყოფნა მისთვის მძიმე ტვირთია და ამიტომაც გაურბის მას. გვეძისა და ჯოჯის საქციელი მორალის ნორმებს სცილდება. ისინი ატყუებენ, უსინდისოდ ექცევიან დას და მეუღლეს. თუმცა გვეძის შიგადაშიგ სინდისის ქენჯნა აწუხებს. საბოლოოდ ინტერესი გადასძლევს და ერთ დროს მიტოვებული ცოლ-შვილის სანახავად მიდის.

ვანო ხუციშვილმა  ტექსტში გააკეთა კუპიურები, დიალოგები ზოგან ჩაამატა, ზოგან კი ამოიღო და რაც მთავარია შეცვალა ფინალი. მანანა დოიაშვილის ნაწარმოების ფინალი ერთობ დრამატულია. მონსტრად ქცეულ ბაუკის თავიდან მოსაშორებლად, ნათესავები, ახლობლები დააჯერებენ ინვალიდ ქალს, რომ მან საკუთარი შვილი მოკლა და აიძულებენ თვითმკვლელობას. რეჟისორმა ფინალი ტრაგიკულობამდე აამაღლა. ბაუკის შვილი ჩეტი, რომელიც დედის წინააღმდეგ ამ საშინელ „შეთქმულებაში“ მონაწილეობს, მართლა გარდაიცვლება. ამგვარი ფინალი, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად შემზარავს ხდის ამბავს, მოვლენათა განვითარების ლოგიკური დასასრულია. ჩეტი მსხვერპლია, არა მარტო ბაუკის, არამედ ჯოჯის, გვეძისა და დორესიც, მათ საბოლოოდ შეიწირეს თავიანთი მსხვერპლი.

პიესა ინტიმური ხასიათისაა. ვანო ხუციშვილმა სწორად განსაზღვრა, რომ ასეთი  ტიპის პიესა აუცილებლად ინტიმურ გარემოში უნდა დაედგა და მაყურებელი კი ამ ამბის, არა მარტო თვალყურის მადევნებელი, არამედ უშუალო მონაწილე გაეხადა. ის რაც სცენაზე ხდება ყველას, ბრალია. ჩვენ ადამიანები უგულოები გავხდით. საკუთარი თავის, საკუთარი მე-ს გარდა აღარაფერი გვაინტერესებს. თანალმობის, თანაგრძნობის, მიმტევებლობის უნარი დავკარგეთ და ვიქეცით ერთგვარ „მონსტრებად“. რეჟისორი და შემოქმედებითი ჯგუფი გვაფრთხილებს, რომ ამგვარი ცხოვრება სრული კატასტროფის მომასწავებელია, დაინგრევა, განადგურდება ყოველგვარი ადამიანური ურთიერთობები. რეჟისორი დახვეწილი, ფსიქოლოგიური თეატრის ხერხებით გადმოსცემს ადამიანთა გაუსაძლის ყოფიერებას. ვფიქრობ, ვანო ხუციშვილის და მთელი შემოქმედებითი კოლექტივის მიერ განხორციელებული მანანა დოიაშვილის პიესით, ქართულ სათეატრო სივრცეს კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი შეემატა.



მაკა ვასაძე

Comments