მაკა (მარინე) ვასაძე ედვარდ ოლბის პირველი პიესის თანამედროვე ქართული ინტერპრეტაცია


ცნობილი სახელოვნებო მკვლევარის მარტინ ესლინის აზრით აბსურდის თეატრის დრამატურგები, არ უნდა მოვიაზროთ, ერთი რომელიმე მიმართულების, სკოლის წარმომადგენლებად. მათ გამოიყენეს ყველა ჟანრი, ფორმა თუ ხერხი, რაც  დრამატურგიის განვითარების ისტორიაში არსებობდა და შექმნეს ორიგინალური მიმდინარეობა, ყოფიერების, არსებობის, ისტორიის გადააზრების თავისებური აღქმით. აშშ-იაბსურდის თეატრი მოგვიანებთ, 1970-იანი წლებიდან მკვიდრდება. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა და ალბათ, უმთავრსესი ის იყო, რომ ომმა ამერიკელებს განხიბლვა თუ საკუთარ თავში დაურწმუნებლობა არ მოუტანა, რაც აბსურდის თეატრის უმთავრსესი პრობლემებია. თუმცა, არსებობდენ დრამატურგები, ვისზეც  ევროპული აბსურდის თეატრმა გავლენა იქონია. მათ შორისაა ედვარდ ოლბი (1928-2016). იგი აღიარებდა ბეკეტის, იონესკოს, ჟენეს გავლენას, მაგრამ  როგორც ყველა აბსურდისტი, უარყოფდა ამ მიმართულებისადმი კუთვნილებას.
ოლბის შემოქმედბა სამ პერიოდად იყოფა. პირველი პერიოდის ერთაქტიანი დრამატურგიული ნაწარმობებია: „ზოოპარკის ისტორია“ (The Zoo Story 1958), „ქვიშის ყუთი“ (The Sandbox 1959) და „ამერიკული ოცნება“ (The American Dream 1961) და სხვ. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ოლბის ამ ერთაქტიან პიესებშიაბსურდის თეატრის  ხერხები აქვს გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ 1966 წ. დაწერილი „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის“ (რომელიც წარდგენილი იყო პულიტცერის პრემიაზე, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო არ მისცეს), დღემდე მიიჩნევა ოლბის საუკეთესო ნაწარმოებად (მაიკ ნიკოლსმა სადებიუტო ფილმიც გადაიღო ელიზაბეთ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის მონაწილეობით დარამდენიმე ოსკარი მოიპოვა). თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ - 2004 წ., ოლბი ისევ უბრუნდება პირველ პიეასას და წერს ორაქტიან ნაწარმოებს „პიტერი და ჯერი“ (I მოქ. „ზოოპარკის ისტორია“, II მოქ. „პიტერი და ჯერი“), რომელსაც 2009-ში  „სახლი ზოოპარკში“ (Home at the Zoo) უწოდა.
საქართველოში, ბოლო წლებში, ოლბის - „ზოოპარკის ისტორიის“ - რამდენიმე საინტერესო ვერსია შეიქმნა. ამჯერად, თქვენ ყურადღებას, ახალგაზრდა რეჟისორის საბა ასლამაზაშვილის 2019 წ. მესხეთის თეატრში გახორციელებულ, ოლბის პიესის  ორიგინალურ  ინტერპრეტაცია-კონცეფციაზე შევაჩერებ.
ოლბის დრამატურგიას მკვლევრები ხშირად მოიაზრებენ, როგორც თანამედროვე ადამიანის მდგომარეობის გამოცდას, ხოლო მის ადრეულ ნაწარმოებებს გაამერიკულებულ აბსურდის თეატრს უწოდებენ. თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ ე. წ. ამერიკანიზაცია ოსტატის მიერაა გაკეთებული. ოლბის ადრეული პიესები, მათ შორის „ზოოპარკის ისტორია“, აბსურდის თეატრისათვის (და, არა მარტო აბსურდის) დამახასიათებელი, ადამიანის არსებობის საზრისის ძიებაზეა. ოლბისთან, ისევე როგორც სხვებთან, უმთავრესი პრობლემა, ადამიანის მარტოსულობაა, გაუცხოება სხვებთან თუ საკუთარ თავთან. ადამიანის მიერ ცხოვრების საზრისის ძიების პრიზმაში კი, სოციალურ-კულტურული პრობლემები გამოისახება. უფრო მოგვიანებით, ე. წ. მეორე პერიოდში, ოლბის პიესებში უკვე აშკარად იკვეთება სრულწლოვანობის ასაკს მიღწეულთა ფსიქოლოგიური ასპექტები,  ოჯახის და სექსუალური ურთიერთობების თემები-პრობლემები, რაც ჩანასახოვან მდგომარეობაში, ადრეულ ერთაქტიან პიესებშიც არსებობს. მომდევნო თაობის დრამატურგები, მაგალითად პაულა ფოგელი (Paula Vogel) მიიჩნევს რომ ოლბის პირობითობა და მკვეთრი, მწვავე დიალოგები გეხმარება ომისშემდგომი, 60-იანი წლების ამერიკული თეატრის მოაზრება-გადააზრებაში. მესამე პერიოდში, ოლბი უბრუნდება პირველი ეტაპის შემოქმედებით  ექსპერიმენტებს.
მესხეთის თეატრში დადგმულ სპექტაკლში  საბა ასლამაზიშვილმა ოლბის პიესის მთავარი სათქმელი საინტერესო, ორიგინალური ხერხით გამოსახა. ახალგაზრდა რეჟისორმა აბსურდის თეატრის ხერხებთან სხვა სათეატრო მიმდინარეობები გააერთიანა. ეს სპექტაკლი პოსტმოდერნისა თუ პოსტპოსტმოდერნისათვის დამახასიათებელი ეკლექტიზმით გამოირჩევა. ყურებისას, ყველა სათეატრო მიმდინარეობა შეიძლება ამოიცნო: დოკუმენტურ-ინტერაქტიული, ნატურალისტური, რეალისტური, ექსპრესიონისტული, ეგზისტენციალური, აბსურდისტული, ეპიკური თუ არაეპიკური თეატრი, გაუცხოებისა თუ გარდასახვის თამაშის ხერხები და ა. შ. ყველაფერი ეს კი გააერთიანა შექსპირის ცნობილი სენტენციის ქვეშ: მთელი სამყარო თეატრია. თუმცა,  ამას თითქოს დასცინის კიდეც რეჟისორი. თამაში თამაშში, თეატრალური პირობითობა, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, კითხულობენ დადგმაში ანდრია ვაჭრიძის პიტერი და ლექსო ჩემიას ჯერი. როდის იქნება რეალური ცხოვრება და თეატრი გაერთიანებული? ნატურალისტებთან წამოჭრილი და შემდგომ ექსპერიონისტულ თეატრში განვითარებული, თეატრალური ხერხების, მიმდინარეობის პრობლემები, რეჟისორმა ისევ წინ წამოსწია და დოკუმენტურ-ინტერაქტიულობით შეფუთა. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ თავად რეჟისორმა გასცა თავის დადგმაში დასმულ კითხვას პასუხი. არასდროს - ვინაიდან თეატრი თავისი არსით პირობითი ხელოვნებაა. თეატრი ასახავს ცხოვრებას და ამ ასახვისას თამაშის სხვადასხვა ხერხს იყენებს. რეალურ ცხოვრებაშიც, პატარა ბავშვები თამაშის დაწყების წინ აყენებენ უმთავრეს პირობას - ვითომ.
ერთი შენიშვნა მაქვს ახალგაზრდა რეჟისორისადმი, სპექტაკლის აფიშასა და პროგრამაში წერია: ფსიქოლოგიური დრამა აბსურდის ელემენტებით, არადა პიესაც და დადგმაც  ფსიქოლოგიური ელემნტებით განხორციელებული აბსურდისტული დრამაა. ხშირად ეშლებათ, არა მარტო რეჟისორებს, თეორეტიკოსებსაც ფსიქოლოგიური დრამის განსაზღვრება. ფსიქოლოგიური, ე. წ. ახალი დრამის ფუძემდებელი ევროპულ თეატრში ჰენრიკ იბსენია, რუსეთში ფსიქოლოგიურ-ინტელექტუალურის ანტონ ჩეხოვი. ფროიდისტული ელემნტებით გაზავებულ ნაწარმოებს არ შეიძლება ფსიქოლოგიური დრამა უწოდო. რა თქმა უნდა, ყველა დიდი ხელოვანის შემოქმედებაში, რომელ მიმდინარეობასაც არ უნდა მივაკუთვნებდეთ მას, შესაძლოა ამოიცნო სხვადასხვა მიმართულებები, ამიტომაც არიან ისინი დიდი შემოქმედები, მწერლები. მაგალითად, ალბერ კამიუს ნაწარმოებებს ვერ ვუწოდებთ მხოლოდ ეგზისტენციუალურს, მასში არა მარტო აბსურდის ელემენტები არამედ რეალისტური ხერხებიც არსებობს, ან თუნდაც ჟან ანუის და ა. შ. მითუმეტეს როდესაც შენი დადგმა სხვადასხვა მიმართულების და საშემსრულებლო ხერხების ნაზავია.
საბა ასლამაზიშვილი სპექტაკლის განხორციელებისას ასმათ ბეშიძის თარგმანს დაეყრდნო. წარმოდგენა ოლბის პიესას, ტექსტს მისდევს, თუმცა რეჟისორმა თავისი ინტერპრეტაცია-კონცეფციის ნათლად წარმოსაჩენად მცირედი ჩამატებები გააკეთა. აბსურდისტული პიესებში რემარკებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამჯერადაც რეჟისორმა თითქმის ყველაფერი გაითვალისწინა და მისეულად გამოხასახა სცენაზე. მხატვარმა ლელა ფერაძემ პირობითი, სიმბოლურ-მეტაფორული მინიშნებებით შექმნა დეკორაცია. ერთი, გრძელი თეთრი პარკის სკამი, ერთი მოყვითალო ფერებში გადაწყვეტილი ხე, ფანჯარა... სათამაშო სივრცედ არა მარტო სცენა, არამედ მაყურებელთა დარბაზიცაა გამოყენებული. ეს, რა თქმა უნდა, რეჟისორის კონცეფციიდან გამომდინარეა. საბა ასლამაზიშვილსვე ეკუთვნის მუსიკალური გაფორმებაც. აღსანიშნავია, რომ მუსიკა სპექტაკლში მინიმუმამდეა დაყვანილი. პერსონაჟები თავად ღიღინებენ ხოლმე მელოდიას. მხოლოდ ფინალში მთლიანად ისმის გამოყენებული სიმღერა და ისიც, მსახიობების მიერ შესრულებული ჩანაწერია.
ანდრია ვაჭრიძის პიტერი და ლექსო ჩემიას ჯერი პიესის პერსონაჟებთან შედარებით უფრო ახალგაზრდები არიან. რეჟისორის ჩანაფიქრით, ორივე მსახიობი, არა მარტო ასახიერებენ თავიანთ პერსონაჟებს, არამედ ამბის მთხრობელებიც არიან.  ღიღინით შემოდიან დარბაზში მსახიობები და ამყარებენ მაყურებელთან ინტერაქტიულ კონტაქტს, ესალმებიან, ხელს ართმევენ, მოიკითხავენ. მერე სცენაზე ადიან, იქვე იცვლიან სამოსს და მაყურებლის თვალწინვე პიტერად და ჯერად გარდაიქმნებიან. თუმცა, როლიდან გამოსვლა და შესვლა მთელი სპექტაკლის განმავლობაში ხორციელდება. ხერხი, რა თქმა უნდა, არ არის ახალი, ჯერ კიდევ XX საუკუნის 20-იან წლებში, გერმანიაში (და არა მარტო) ნატურალისტური თუ ექსპრესიონისტული თეატრის წარმომადგენლები იყენებდნენ, მერე ბრეხტმა უფრო დახვეწა და გაუცხოების მეთოდი უწოდა.
სპექტაკლში, როგორც აღვნიშნე, რეჟისორმა და მსახიობებმაც ყველა სათეატრო მიმდინარეობას, ხერხს მოუყარეს თავი და ერთ საათიან წარმოდგენაში გაართიანეს. რეჟისორმა და მსახიობებმა პიესაში არსებულ ჰომოსექსუალიზმის თემა, უფრო გაამძფრეს და წინა პლანზე წამოსწიეს. ფინალისკენ პიესაში ჯერი უღუტუნებს პიტერს და ეს უკანასკნელი თითქმის ისტერიკაში ვარდება. სპექტაკლში ჯერი ეხუტება პიტერს ერთმანეთისადმი სექსუალური ლტოლვის მინიშნებებით. ვაჭრიძის პიტერში მაყურებელი ორმაგ გრძნობას აღიქვამს. მას სურს ჯერი და როდესაც ამას გააცნობიერებს ისტერიკა ემართება. ვაჭრიძის - პიტერი და ჩემიას - ჯერი მაყურებელს თავის ყველაზე ინტიმურ, პიროვნულ განცდებსა თუ ფიქრებზე ესაუბრებიან და ცდილობენ ისინიც ამ ამბის მონაწილე-გამზიარებლად აქციონ. განა ის პრობლემები, რაც 60-იან წლებში ასე აწუხებდა ოლბის, დღესაც აქტუალური არაა? ფარისევლობა, მიუტევებლობა, სოციუმთან შეუთავსებლობა, მარტოსულობა, საკუთარი თავის, ცხოვრების საზრისის, სიყვარულის ძიება დღესაც აწუხებს ადამიანს ჩვენს ქვეყანაში და სხვაგანაც. პრინციპში, ეს ხომ ყოველ დროსა თუ ეპოქაში არსებული მარადიული პრობლემებია. ამიტომაც, პიტერისა და ჯერის ისტორიას, ამბავს მაყურებელი არა მარტო ადაევნებს თვალს, არა მარტო უშუალო მონაწილე ხდება მათი ცხოვრების, არამედ განიცდის კიდეც. 
საბა ასლამაზიშვილმა თავიდანვე შესთავაზა მაყურებელს თამაშის პირობა და ბოლომდე ამ პირობის ერთგული დარჩა. პიესისგან განსხვავებით ჩემიას ჯერი და ვაჭრიძის პიტერი, რამდენჯერმე ცდილობენ თავის მოკვლას. ხტებიან ფანჯრიდან, მერე ისევ ბრუნდებიან და აგრძელებნ თამაშს. ფინალში, როდესაც ჩემიას ჯერი მიაღწევს საწადელს, საბოლოოდ გამოიყვანს წყობიდან ვაჭრიძის პიტერს და უკანასკნელი, შემთხვევით, მაგრამ მაინც დანას გაუყრის ჯერის, ჩემიას ჯერი ფიცარნაგზე გართხმული, მკვდარს განასახიერებს. პიტერი სრულ ისტერიკა-გაუგებრობაშია. 2-3 წუთის შემდეგ ჩემიას ჯერი ნელ-ნელა იწყებს წამოდგომას, უბიდან წითელი სითხით სავსე კონტეინერს იღებს, აჩვენებს მაყურებელს, რომ ეს მისი სისხლი კი არა წითელი სითხეა, ღიღინით მიდის დარბაზში არსებული ფანჯრისკენ, გამოაღებს, ადის და თითქოს გადახტომას აპირებს. გადახტება ჯერი ფანჯრიდან? კითხვაზე პასუხს რეჟისორი და მსახიობები ღიად ტოვებენ. მაყურებელმა თავად უნდა გასცეს პასუხი, თავად უნდა განსაზღვროს რას მოიმოქმედებს ჯერი: გადახტება თუ არა? და ღირს კი გადახტომა? თუ სჯობს დაწყებული ბრძოლის გაგრძელება.
რეჟსისორმა ძალიან საინტერესო ე. წ. „პაკლონი“ დადგა. ვაჭრიძის პიტერი და ჩემიას ჯერი ხელი-ხელ ჩაკიდებულები ავანსცენაზე ფარდის ქვეშ დგებიან. ფარდა რამდენჯერმე იღება-იხურება, მსახიობები მუნჯი კინოს ხერხების და „ჩახვეული ფირის“ ეფექტის გამოყენებით, ერთსა და იმავე მოძრაობებს იმეორებენ, იღიმიან, თავს უკრავენ მაყურებელს და ა. შ. ყველაფერი მეორდება, ყველაფერი ისევ თავიდან იწყება, ამ სამყაროში ადამიანები, განგებამ სამწუხაროდ, ვიღაცის ხელით მართულ მარიონეტებად მოგვავლინა. ჩემი აზრით,რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის, საინტერესოდ გადმოცემული მთავარი სათქმელიც, სწორედ ესაა.
გამოყენებული ლიტერატურა:  
Theatre of the Absurd. Encyclopedia Britannica. https://www.britannica.com/art/Theatre-of-the-Absurd (Checked 14.05.20).
Edward Albee American Author. Encyclopedia Britannica. https://www.britannica.com/biography/Edward-Albee (Checked 14.05.20).
Эсслин М. Театр Абсурда. URL: http://teatr-lib.ru/Library/Esslin/absurd/#_Toc398482371 (Перепроверено 14.05. 2020).

Comments